მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს „ენგურჰესი“, რატომ მცირდება აფხაზეთის მოხმარება - ინტერვიუ ლევან მებონიასთან

ლევან მებონია

როგორია "ენგურჰესის" ტექნიკური მდგომარეობა, რა ეტაპზეა მისი რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა და რატომ მცირდება მოხმარება აფხაზეთში,- ამ საკითხებზე შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

როგორია ენგურის ტექნიკური მდგომარეობა?

ლევან მებონია: ახლა გვაქვს წყალდიდობის პერიოდი და ჰესი მუშაობს სრული სიმძლავრით. ორივე სადგურის, „ვარდნილჰესის“ და „ენგურჰესის“, 8 აგრეგატიდან ყველა ჩართულია. დღე-ღამეში, ორივე სადგურში საშუალო გამომუშავება 22-23 მლნ. კილოვატ საათს შეადგენს. აფხაზეთის მოხმარება დღე-ღამეში დაახლოებით 5.5 მილიონი კილოვატ საათია, რაც ორივე ჰესის გამომუშავებიდან დაახლოებით 22%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ჰესი გამართულად მუშაობს, მაგრამ რუტინული სამუშაო ყოველ დღეა, ექსპლუატაცია, მიხედვა ყოველთვის სჭირდება სადგურს.

2024-2027 წლებში „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის მეოთხე ფაზაზე იყო საუბარი, თუ იგეგმება?

ლევან მებონია: დიახ, მოიცავს 2024 წელს და 2027 წლის პირველ ნახევარს. დარჩენილია ზოგიერთი სამუშაო. პირველ რიგში, ეს არის გვირაბის კიდევ ერთი გაჩერება 2026 წელს და დამთავრება სამუშაოების. კაშხალზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემის დანერგვა, დარჩენილი ზოგიერთი მოძველებული ელექტროტექნიკური და ელექტრომექანიკური მოწყობილობების გამოცვლა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას სესხის გამოყოფის შესახებ და ახლა ვართ კონსულტანტის შერჩევის პროცესში. ივლისის შუა რიცხვებში უკვე გამოვლენილი იქნება კონსულტანტი, შემდეგ დაიწყება სამშენებლო კონტრაქტორის შერჩევა.

რეაბილიტაციის შემდეგ როგორი სახით იქნება სადგური წარმოდგენილი?

ლევან მებონია: სადგური ახლაც სრული სიმძლავრით მუშაობს. [რეაბილიტაციის შემდეგ] საიმედოობა გაიზრდება და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ანუ დიდი რემონტებისთვის ინვესტიციები აღარ იქნება საჭირო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დაახლოებით 15-20 წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ინვესტიცია მოსაზიდი არ იქნება ამ საკითხისთვის.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ 4%-ით შემცირდა, რაც ძირითადად ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების მკვეთრ, 26.7%-იან კლებას უკავშირდება. რამ განაპირობა ეს?

ლევან მებონია: აფხაზეთის მოხმარება, 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მკვეთრად, თითქმის 35-40%-ით გაიზარდა და გაჩნდა ძალიან დიდი დეფიციტი. 2023 წლის დასაწყისში და ბოლოს, ამ დეფიციტის გამო, ჰქონდათ ძალიან დიდი შეზღუდვები, 5-6 საათი დღე-ღამეში. ბუნებრივია, ეს ძალიან რთულია, 6 საათი რომ მოსახლეობას ელექტროენერგია არ აქვს. აფხაზეთის მთავრობამ დაიწყო აქტიური ღონისძიებების გატარება, მრიცხველების დამონტაჟება და რაც მთავარია, ბრძოლა კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ. ამან გამოიღო შედეგი და 2023 წელს თუ 2022 წელთან შევადარებთ, მოხმარებამ მოიკლო დაახლოებით 325 მლნ. კილოვატ საათით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, 2024 წლის 4 თვეს თუ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შევადარებთ, აქ უკვე კლება 99 მლნ. კილოვატ საათია. ასევე, რუსული ელექტროენერგია, რომელიც დახმარების სახით ეძლეოდათ, იმ მოცულობით არ შემოდის, როგორც ადრე და ეს ადგილობრივ ხელისუფლებას აიძულებს, მკვეთრი ღონისძიებები გაატარონ.

ბოლოს გკითხავთ, ალბათ ფლობთ ინფორმაციას, „ვარდნილჰესების კასკადთან“ დაკავშირებით, რა მდგომარეობაა?

ლევან მებონია: ვარდნილჰეს I-ი სრულიად რეაბილიტირებულია და მუშაობს საპროექტო სიმძლავრეზე. მეორე, მესამე, მეოთხე ჰესები მარტო შენობებია დარჩენილი და ჰიდროტექნიკური ნაწილი, არხი, სადაც წყალი მიედინება, მაგრამ ჯერჯერობით აღდგენაზე არ არის გადაწყვეტილება მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები