შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას თქმით, სარემონტო სამუშაოებისთვის, სადერივაციო გვირაბის დროებით გაჩერება 2026 წელს იგეგმება.
„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის მეოთხე ფაზაზე, რომელიც 2024-2027 წლების პერიოდს მოიცავს, ლევან მებონიამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და განმარტა, რომ უკვე შედგა შეთანხმება EBRD-თან სესხის გამოყოფაზე და ამჟამად კონსულტანტის შერჩევა მიმდინარეობს.
„დარჩენილია ზოგიერთი სამუშაო. პირველ რიგში, ეს არის გვირაბის კიდევ ერთი გაჩერება 2026 წელს და დამთავრება სამუშაოების, კაშხალზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემის დანერგვა, დარჩენილი ზოგიერთი მოძველებული ელექტროტექნიკური და ელექტრომექანიკური მოწყობილობების გამოცვლა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას სესხის გამოყოფის შესახებ და ახლა ვართ კონსულტანტის შერჩევის პროცესში. ივლისის შუა რიცხვებში უკვე გამოვლენილი იქნება კონსულტანტი, შემდეგ დაიწყება სამშენებლო კონტრაქტორის შერჩევა“,- აღნიშნა ლევან მებონიამ.
მისივე განმარტებით, რეაბილიტაცია ჰიდროელექტროსადგურის საიმედოობას გაზრდის და ამასთან, სამუშაოების დასრულების შემდეგ, უახლოესი 15-20 წელი ენგურჰესს კაპიტალური რემონტი აღარ დასჭირდება.
„სადგური ახლაც სრული სიმძლავრით მუშაობს. [რეაბილიტაციის შემდეგ] საიმედოობა გაიზრდება და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ანუ დიდი რემონტებისთვის ინვესტიციები აღარ იქნება საჭირო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დაახლოებით 15-20 წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ინვესტიცია მოსაზიდი არ იქნება ამ საკითხისთვის“,- განმარტავს ლევან მებონია.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე "ვარდნილჰესების კასკადს", ლევან მებონიას თქმით, ვარდნილჰესი II, ვარდნილჰესი III და ვარდნილჰესი IV-ის აღდგენაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ვარდნილჰესი I სრულიად რეაბილიტირებულია და მუშაობს საპროექტო სიმძლავრეზე. მეორე, მესამე, მეოთხე ჰესები მარტო შენობებია დარჩენილი და ჰიდროტექნიკური ნაწილი, არხი, სადაც წყალი მიედინება, მაგრამ ჯერჯერობით აღდგენაზე არ არის გადაწყვეტილება მიღებული“,- აღნიშნა ლევან მებონიამ.
შეგახსენებთ, 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, "ენგურჰესი" ერთხელ უკვე გაჩერებული იყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15.5 კილომეტრის სიგრძის სადერივაციო გვირაბს, რომლიდანაც წყლის დანაკარგი ხდებოდა. რეაბილიტაციის პროცესი 48 მილიონი ევროთი EBRD-მა დააფინანსა.