2023 წლის ექვს თვეში საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 1.71 მილიარდი მეტრ კუბი გაზის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1.62 მილიარდი მეტრ კუბი მოცულობის გაზი შემოვიტანეთ.
განახლებული მონაცემები დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით, გაზრდილია გაზის მოხმარებაც. კერძოდ, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 1.72 მილიარდი მეტრ კუბი გაზი მოიხმარა, გასული წლის პირველ ნახევარში კი - 1.63 მილიარდი მეტრ კუბი.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ქვეყნის შიგნით მოხმარებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობიდან 388.4 მლნ.მ3 ელექტროენერგიის წარმოებისთვისაა გამოყენებული. საქართველო ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს აზერბაიჯანიდან იღებს, თუმცა წელს ენერგეტიკულ ბაზარზე მზარდია რუსეთის ფედერაციის წილი.