საქართველომ 2023 წლის განმავლობაში რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა გაზარდა - საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულმა სისტემამ რუსეთიდან 110.2 მილიონი დოლარის ღირებულების გაზი მიიღო. 2022 წელთან შედარებით იმპორტის ეს მაჩვენებელი 18%-ით არის გაზრდილი.
ამასთანავე, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, შემცირებულია გაზის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, რამაც გასულ წელს 313 მილიონი დოლარი შეადგინა. 2022 წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან შესყიდული გაზის მოცულობა 9%-ით შემცირდა.
2023 წლის დეკემბერში BMG-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ რუსეთიდან გაზის შესყიდვის მატება ქვეყანაში ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული, ხოლო აზერბაიჯანიდან ქვეყანა იღებს იმდენ გაზს, რამდენის მიღების შესაძლებლობასაც სამართლებრივ ტექნიკური გარემოებები იძლევა.
“საქართველოს გაზით მომარაგება თითქმის 100%-ით იმპორტის ხარჯზე ხორციელდება. იმპორტის ძირითადი წყაროა აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოს გაზს ორი მილსადენის საშუალებით (სატრანზიტო სამხრეთ კავკასიური მილსადენის განშტოება და აზერბაიჯანი-საქართველოს უშუალოდ დამაკავშირებელი მილსადენი) აწვდის.
რუსეთიდან გაზის იმპორტი მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი მოცულობით ხორციელდება და უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება გაზის მეურნეობაში დანაკლისის შევსებისა და დაბალანსების მიზნით, ძირითადად, ზამთრის პერიოდში, როდესაც მოხმარება ყველაზე მაღალია.
2022 - 2023 წლებში საქართველოს გაზის წლიური მოხმარება 500 მლნ.მ3-ით გაიზარდა (20%-მდე) და შედეგად, საქართველომ აზერბაიჯანიდან მოწოდების მაქსიმალური ტექნიკური ზღვარი აითვისა, განსაკუთრებით, ზამთრის პიკური დატვირთვისას. გაზრდილი მოთხოვნის და მთლიანად სისტემის დაბალანსება მოხდა რუსული გაზით. ამასთან, იმპორტი განხორციელდა კომერციული მიზანშეწონილობით და მოემსახურა სისტემის სტაბილური და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფას,”- ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით განმარტებაში.
საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენის მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.6 მილიარდი კუბური მეტრი იყო.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს, მისი და ტრანს-ანატოლიური შემდგომ კი ტრანს ადრეატიკული მილსადენების სისტემების გავლით აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროკავშირს აწვდის ბუნებრივ აირს. 2022 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 19.8 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ამ მილსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება არეგულირებს.