2024 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყნიდან 2,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 926 ტონა ცოცხალი, გაყინული და გაცივებული თევზის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი თანხობრივად ჩამორჩება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, ხოლო მოცულობით აჭარბებს. კერძოდ, გასული წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 3,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 832 ტონა თევზი გავიდა. გამოდის, წელს ქართული თევზის საექსპორტო ფასი შემცირდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალს, პირველ სამეულში შედის სომხეთი (657 710 აშშ დოლარი, 238 ტონა), აზერბაიჯანი (531 000 აშშ დოლარი, 212 ტონა) და რუსეთი (599 520 აშშ დოლარი, 190 ტონა). ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოდან უკრაინაში 247 500 აშშ დოლარის ღირებულების 266 ტონა თევზის ექსპორტი განხორციელდა. ცნობისთვის, 2022 და 2023 წლების ანალოგიურ პერიოდში, რუსეთში თევზი არ გაგვიტანია.
იმპორტის თვალსაზრისით გაცილებით მაღალი მაჩვენებლები აქვს ქვეყანას. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში 28 მლნ აშშ დოლარის 10 089 ტონა თევზი შემოვიდა, ეს მცირედით შემცირებული რიცხვია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, როდესაც საქართველოში 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 11 000 ტონამდე თევზის იმპორტი განხორციელდა.
TOP-10 საიმპორტო ქვეყანა 2024 წლის მონაცემებით, შემდეგია:
- ნორვეგია - $6,3 მლნ - 1809 ტონა
- თურქეთი - $4,2 მლნ - 780 ტონა
- ისლანდია - $3,3 მლნ - 1493 ტონა
- ესპანეთი - $2,7 მლნ - 1326 ტონა
- აშშ - $2 მლნ - 1030 ტონა
- ტაივანი - $1,3 მლნ - 304 ტონა
- ჩილე - $1 მლნ - 242 ტონა
- ახალი ზელანდია - $965 000 – 450 ტონა
- კანადა - $907 120 – 465 ტონა
- დანია - $532 560 – 194 ტონა
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, “საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია” დამტკიცდა. სტრატეგიის მთავარი მიზანი საქართველოში აკვაკულტურის წლიური წარმოების მინიმუმ ხუთჯერ ზრდაა. კერძოდ, სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო პოტენციალის გათვალისწინებით, “წარმოების იმ სახით გაზრდა, რომ სულ მცირე, დაკმაყოფილდეს ადგილობრივი მოთხოვნა და ამჟამინდელი წლიური წარმოება გაიზარდოს მინიმუმ ხუთჯერ”.