მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორმა რეკორდული $430 მილიონის საგარეო შემოსავალი მიიღო

64ad421840744
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.23 18:40
2204

დღეს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი კომპიუტერული მომსახურების გაწევაა. ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით და კომპიუტერული სერვისების მიწოდებით $430 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 194%-ით აღემატება.

საქსტატის მიხედვით ინფორმაციის, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 44%, ხოლო მეორე კვარტალში ზრდა 20%-ს შეადგენდა. მთლიანობაში წლის ბოლომდე სავარაუდოდ სექტორის ზრდა 30%-მდე იქნება. მსგავსია შემოსავლების მაჩვენებელიც, თუკი პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალი $231 მილიონი დოლარი იყო, მეორე კვარტალში მან $198 მილიონი შეადგინა. 

საქართველოში IT სექტორის შემოსავლების მკვეთრი მატება ორი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის პირველია ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა, რისი ტენდენციაც ბაზარზე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ფიქსირდება. აღნიშნულის შედეგად, ქვეყანაში აუთსორს სერვისების მიწოდების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა.

მეორე ფაქტორია მიგრაცია, რადგანაც ამ სექტორის ბრუნვის მატება პირდაპირ ემთხვევა 2022 წელს, როდესაც ქვეყანაში ათასობით რუსი; უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტის შემოსვლა მოხდა. მაგალითად, თუკი 2022 წლის პირველ კვარტალში სფეროს საგარეო შემოსავლები 53.5 მილიონი დოლარი იყო, უკვე მეორე კვარტალის მდგომარეობით, ის 93.3 მილიონამდე, მესამე კვარტალში კი 179 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, მატების ტრენდი პირდაპირ თანხვედრაშია მიგრაციის მაჩვენებლებთან. ამაზე სავარაუდოდ მეტყველებს 2023 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით დაკლებული ბრუნვაც, რაც IT მიგრანტების გარკვეული რაოდენობის გადინების შესაბამისია. 

სექტორში მზარდია დასაქმებულთა რაოდენობაც. თუკი 2021 წელს IT, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სექტორში 30 ათასი ადამიანი მუშაობდა, უკვე 2022 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალის ზომა 41 ათასს აჭარბებდა, ამჟამად კი სექტორში 43 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. თუკი 2021 წელს ინფორმაციებისა და კომუნიკაციების სფეროში საშუალო ხელფასი 2 ათასი ლარის ტოლი იყო, 2022 წლის ბოლოსთვის მან 3,800 ლარს მიაღწია, 2023 წლის მეორე კვარტალში კი საშუალო ხელფასი 3,900 ლარს შეადგენს.

არსებობს ალბათობა, დროებით ემიგრირებულმა პირებმა გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველო დატოვონ. თუმცა, მოსალოდნელი კლების მიუხედავად, მზარდია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების ადგილობრივი კადრების რაოდენობაც. პარალელურად, იზრდება მოთხოვნა გლობალურ IT ბაზარზეც, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ფაქტორები ამ რისკს გაანეიტრალებენ.

კომუნიკაციების სექტორი
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები