მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის საუკეთესო ბიზნესლიტერატურა - The Economist

წიგნები

ზოგიერთი ადამიანისთვის, განათლების მიღების პროცესი სკოლისა თუ უნივერსიტეტის კედლების დატოვებისთანავე სრულდება. და წიგნების კითხვაც მხოლოდ იშვიათად განტვირთვის საშუალებად იქცევა ხოლმე. თუმცა ისინი, ვისთვისაც პიროვნული თუ კარიერული ზრდა მნიშვნელოვანია, ინფორმაციის წყაროდ კვლავ სხვადასხვა სახის ლიტერატურას აღიარებენ, რომლებიც, ცოდნის მიღებასთან ერთად, სამოქმედო გეგმის შედგენისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც ეხმარებათ.

კითხვა რომ წარმატების საწინდარია, ამას არაერთი მულტიმილიონერი ბიზნესმენის ისტორიაც ადასტურებს, რომლებიც აცხადებენ, რომ წიგნების კითხვა მათ იმ სიმაღლეების მიღწევაში დაეხმარათ, რომლებზეც დღეს დგანან. ამ სიას განეკუთვნებიან უორენ ბაფეტი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, მარკ კუბანი და სხვები.

სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბრიტანული მედიაგამოცემა “ეკონომისტი” 2023 წელს გამოცემული წიგნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელშიც გასული წლების განმავლობაში ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ დაწერილი საუკეთესო ლიტერატურაა განხილული.

მათი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

Anansi’s Gold - იაპოკა იბუ

ბრიტანელ-განელი ჟურნალისტის, იაპოკა იბუს წიგნი “ანანსის ოქრო” მსოფლიოს ყველაზე დიდებულ, თუმცა ნაკლებად ცნობილ თაღლითურ სქემაზე ყვება. კერძოდ, განელმა ჯონ აკა ბლეი-მიეზამ დედამიწის არაერთ კონტინენტზე მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორები გააცურა პირობით, რომ მან დაკარგული ოქროს ადგილსამყოფელი იცოდა. ავტორის სრულყოფილი თხრობა, მსოფლიოს უდიდესი თაღლითების შესახებ დაწერილ წიგნებს საუცხოო დამატებას სძენს.

Best Things First - ბიორნ ლომბორგი

ბიორნ ლომბორგის Best Things First არგუმენტების სერიაა, რომელიც “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” ბუნდოვან და უწესრიგოდ გაშლილ “მდგრადი განვითარების მიზნების” დოკუმენტს, 12 ხარჯთეფექტური პოლიტიკის დანერგვით ეწინააღმდეგება.

“ზოგიერთი რამ გამოსასწორებლად რთულია, ძვირი ღირს და შედეგი თითქმის არ აქვს. სხვა რაღაცები კი მარტივად და იაფად გვარდება და შესანიშნავი შედეგებიც აქვს”, - წერს ავტორი.

The Fiscal Theory of the Price Level - ჯონ ქოჩრეინი

სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ჯონ ქოჩრენი “ფასების დონის ფისკალურ თეორიაში” ახალ თეორიას განმარტავს, რომლის თანახმადაც, სამომხმარებლო ფასებს სახელმწიფო ვალები განსაზღვრავს და არა - საპროცენტო განაკვეთები. “ეკონომისტის” შეფასებით წიგნი “სუსტი გულის” მქონე მკითხველებისთვის არ არის გათვლილი და ეკონომისტებისთვის ერთგვარად პროვოკაციულიც კია, თუმცა მაღალი ინფლაციისა და დეფიციტის ეპოქას ზედმიწევნით მიესადაგება.

The Geek Way - ენდრიუ მაკაფი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) ბიზნეს გურუ ენდრიუ მაკაფი თავის წიგნში The Geek Way - ხსნის, როგორ შეიძლება აზროვნება, რომელიც შთააგონებს სილიკონის ველს, ასევე გვეხმარებოდეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში, გუნდურ მუშაობაზე კონცენტრირებაში, პროტოტიპების სწრაფ წარმოებასა და ბიუროკრატიული პრინციპების თავიდან არიდებაში, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრების ხარჯზე.

How Big Things Get Done - ბენტ ფლაივბერგი

მეგაპროექტები ხშირად მეგაშეცდომებად იქცევა ხოლმე - How Big Things Get Done - რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიკოსსა და ჟურნალისტის კოლაბორაციით დაიწერა, აკვირდება და სწავლობს მიზეზებს, რის გამოც ამბიციური სქემის მონაწილეები ხშირად აცილებენ დედლაინებსა და ბიუჯეტს, და რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაკეთდეს. წიგნში პროექტების მენეჯმენტის მარტივი და სახალისო გზებია განხილული.

Material World - ედ კონვეი

ბრიტანული გამოცემა Sky News-ის ეკონომიკის სვეტის რედაქტორი ედ კონვეი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ერთ მნიშვნელოვან საკითხს იკვლევს: როგორ შეცვალა მსოფლიო ისტორია და თანამედროვე ეკონომიკა ექვსმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ელემენტმა: სპილენძმა, რკინამ, ლითიუმმა, ზეთმა, მარილმა და ქვიშამ. ავტორი აღნიშნავს, რომ ეპოქაში, რომელშიც ქვეყნები დეკარბონიზაციისთვის იბრძვიან, ამ ელემენტების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

The Missing Billionaires - ვიქტორ ჰაგანი

“დაკარგული მილიარდერები” წიგნია, რომელშიც ვიქტორ ჰაგანი ფინანსური სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან, თუმცა ხშირად მივიწყებულ კითხვებს სცემს პასუხს. არა იმას, თუ რა გავყიდოთ ან ვიყიდოთ, არამედ იმას - თუ რამდენი. ავტორის აზრით, ყველაზე დახვეწილი პროფესიონალებიც კი, ხშირად ამ კითხვას შეცდომით პასუხობენ, რასაც ქონების დაკარგვამდეც კი მივყავართ. თუმცა წიგნში ავტორი ფინანსურ თეორიას განიხილავს, რომელსაც ამ კითხვაზე პასუხი აქვს, რითაც მსოფლიო ბაზრით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება.

Scaling People - კლერ ჰაჯეს-ჯონსონი

კარგი წიგნები მენეჯმენტის ყველაზე მცირე ტექნიკური დეტალების შესახებ სანთლით საძებნელია. თუმცა სწორედ მათ სიას განეკუთვნება Scaling people, რომლის ავტორიც წარსულ დროში Google-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. კლერ ჰაჯენს-ჯონსონი მკითხველს ერთგვარ გზამკვლევს სთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიქმნას თუ იმართოს კომპანიის გუნდები.

Unscripted - ჯეიმს სტიუარტი

ჯეიმს სტიუარტის Unscripted 2020 წელს გარდაცვლილი მედია-მაგნატის, სამნერ რედსთოუნის სიცოცხლის ბოლო წლების ღრმა ანალიზი და სრულყოფილი ისტორიაა. ისევე როგორც სატელევიზიო რეალითი შოუები, ეს ბიოგრაფიული ნაშრომიც მკითხველისთვის საკმაოდ მიმზიდველია, რადგან მისი მთავარი პერსონაჟი არც თუ ისე სასიამოვნო პიროვნებაა. წიგნში დეტალურადაა განხილული სამნერ რედსთოუნის ბუნებრივად დომინანტი პიროვნული თვისებები და ის არაჩვეულებრივი ხრიკები, რომლებიც მან სიცოცხლის განმავლობაში მოაწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები