2014 წლის შემდეგ პირველად წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰოკეის კლუბი Toronto Maple Leafs-ია, რომელიც 2023 წელს 2,8 მილიარდ დოლარად შეფასდა და ეს იმის მიუხედავად, რომ კლუბს სტენლის თასის ჯილდო 1967 წლის შემდეგ არ მოუგია. რვა წლიანი დომინაციის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა New York Rangers-მა, რომლის ღირებულებაც 2,65 მილიარდ დოლარად განისაზღვრა, მას კი Montreal Canadiens მოსდევს 2,3 მილიარდი დოლარით.
Toronto Maple Leafs-მა 2004 წლის შემდეგ წელს პირველად მოიგო საპლეიოფო სერია. კომპანია OMERS-მა ყველა დიდი სპორტული ტორონტოს კლუბის მფლობელი კომპანიის Maple Leaf Sports And Entertainment-ის 5% შეიძინა, რითაც ავტომატურად ჰოკეის კლუბის გარდა, NBA-ის კლუბ Toronto Raptors-ის და საფეხბურთო კლუბ Toronto FC-ის 20%-ის მფლობელი გახდა.
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კლუბების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. NHL-ის კლუბის საშუალო ღირებულება გასულ წელთან შედარებით 29%-ით, 1,33 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. გასულ სეზონში კლუბების არასპორტულმა შემოსავალმა 201 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 8,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჰოკეი ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი კანადაშია, სადაც განსაკუთრებით დიდი ინვესტიციები იდება. მაგალითად მილიარდერმა მაიკლ ანდლაუერმა $2,3 მილიარდად შეფასებული კლუბის Montreal Canadiens-ის 10%-იანი წილი გაყიდა, იმისათვის, რომ კლუბი Ottawa Senators $950 მილიონად შეიძინა, რითაც ოტაველების კლუბი იქცა მეორე ყველაზე ძვირად გაყიდულად ისტორიაში, მას შემდეგ რაც 2012 წელს Toronto Leafs 1 მილიარდად გასხვისდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოტაველებს ლიგაში მეორე ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდათ შემოსავლების თვალსაზრისით, როდესაც კლუბის წლიურმა შემოსავალმა მხოლოდ 128 მილიონი დოლარი შეადგინა.
დაახლოებით 200 მილიონი დოლარითაა გაზრდილი ლიგის სასპონსორო შემოსავალი. 2021/22 წლების სეზონში თუკი ამ მიმართულებით შემოსავალი 1,2 მილიარდ დოლარს აღწევდა, 2023 წელს მაჩვენებელმა 1,4 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქედან ადგილობრივი სპონსორების შემოსავალმა 335 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს $12 მილიონით აღემატება .
სპონსორების მხრიდან შემოსავლების ასეთი ზრდა ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას უკავშირდება. ამის მაგალითია გაციფრულებული ანგარიშის ტაბლოების გამოჩენა და გოლების 3D რეჟიმში ჩვენების სისტემა, რომელიც პირველად სტენლის თასის ფინალის დროს დაიტესტა.
მომავალი სეზონიდან იგეგმება NHL Edge ტექნოლოგიის დანერგვა, რომელიც საზოგადოებას მისცემს წვდომას იმავე მონაცემებზე, რომელსაც გუნდები და ტელემაუწყებლები იღებენ მოთამაშეების ფიზიკურ სტატისტიკასთან დაკავშირებით. ეს კი ცალსახად გაზრდის ლიგის მიმართ ინტერესსა და შესაბამისად შემოსავლებს.