ხუთ მუნიციპალიტეტში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება. პროექტის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ასევე კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თითოეულ ობიექტზე 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები მოეწყობა. ტერიტორიები თანამედროვე განათების სისტემითაც აღიჭურვება, რაც მოედნების გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში გახდის შესაძლებელს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საფეხბურთო ცენტრებში ფეხბურთელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც იქნება - მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და სხვა დამხმარე სივრცეები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ამ ხუთი მუნიციპალიტეტით არ შემოიფარგლება. ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებაა დაგეგმილი.
პროექტის მიზანია რეგიონებში ფეხბურთის განვითარებისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესება და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, სრულად აღჭურვილი სავარჯიშო გარემოს შექმნა.




























