1990-იან წლებამდე, ვიდრე დღეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბრაუზერები შეიქმნებოდა, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობა მხოლოდ პრივილეგირებულ ჯგუფებს, სახელმწიფო მკვლევრებს, კერძო კორპორაციებსა და სტუდენტებს შეეძლოთ. კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხანგრძლივი და რთული პროცესი მხოლოდ 1990 წელს, პირველი ვებ-ბრაუზერის შექმნით გადაიჭრა და ინტერნეტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.
მას შემდეგ ინტერნეტ-ბრაუზერები ერთმანეთს პირველობაში ეჯიბრებიან და ბაზრის მონოპოლიასაც არ ერიდებიან.
WorldWideWeb, Mosaic, Netscape და Internet Explorer - ის ბრაუზერებია, რომლებსაც თანამედროვე პლატფორმათა მთელი რიგი მოჰყვა. მართალია, დღესდღეობით ინტერნეტის მომხმარებლები ბრაუზერებზე მეტად სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ, თუმცა ვებ-ბრაუზერები პოპულარობას არ კარგავენ.
ციფრულ მონაცემთა შემგროვებელი კომპანია SimilarWeb-ის ბოლო 12 თვის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ბრაუზერთა ბაზრის ყველაზე დიდი წილი - 59.58% - Google Chrome-ს უჭირავს.
ყველაზე პოპულარული ვებ-ბრაუზერების TOP 5:
- Google Chrome - 59.58%
- Safari - 27.44%
- Microsoft Edge - 5.69%
- Firefox - 2.66%
- Samsung Internet - 2.63%
- სხვა ბრაუზერები - 1.99%
აღსანიშნია ისიც, რომ მონაცემები თითქმის იდენტურია თითოეული მოწყობილობის ცალ-ცალკე ანალიზისას. სამაგიდო (Desktop) კომპიუტერების თუ მობილურების მომხმარებლები უპირატესობას Chrome-ის ბრაუზერს ანიჭებენ, თუმცა, მაგალითად, პლანშეტების მომხმარებლები ყველაზე ხშირად Safari-ის იყენებენ.
რაც შეეხება საქართველოს, SimilarWeb-ის თანახმად, აქ ბრაუზერთა ბაზრის ორი უმსხვილესი მოთამაშე Chrome (76.37%) და Safari (18.57%) არიან, თუმცა მომხმარებელთა 1.6% Opera-ს ბრაუზერს იყენებს, რითაც ეს ბრაუზერი რეიტინგის მესამე ადგილს იკავებს.