მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ქართველ ექსპორტიორებს მსოფლიოს 15 გამოფენაში მონაწილეობას ვთავაზობთ - ნადარეიშვილი

6391c30ba909d
BM.GE
08.12.22 19:35
570
"2023 წელს ქართველ ექსპორტიორებს მსოფლიოს 15 გამოფენაში მონაწილეობას ვთავაზობთ",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. 

საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე FOOD INGREDIENTS EUROPE საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოს პავილიონი ფუნქციონირებს, სადაც საკუთარი პროდუქცია შვიდ ქართულ კომპანიას აქვს წარდგენილი.

ისინი, ძირითადად, თხილის, კაკლის, ნუშის, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეულისა და ნატურალური წვენების მწარმოებლები არიან. პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს პავილიონი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა დაათვალიერა.

„ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია ადგილობრივი ექსპორტის მხარდაჭერა. ამისთვის, მთავრობის დავალებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, შევიმუშავეთ მექანიზმები ექსპორტიორთა მხარდაჭერის, მათთვის გასაღების ბაზრების მოძიების, იქ დამკვიდრებისა და, ზოგადად, ექსპორტის გეოგრაფიის დივერსიფიკაციის მიმართულებით. მხოლოდ 2023 წელს „აწარმოე საქართველოში“ ქართველ ექსპორტიორებს მსოფლიოს 15 მსხვილ გამოფენაზე სთავაზობს მონაწილეობას. პარიზის გამოფენისთვის ჩვენ სასურსათო ინგრედიენტების 7 მსხვილი მწარმოებელი შევარჩიეთ და იმედი გვაქვს, რომ მათთვის ეს გამოფენა ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიებისა და შესაბამისად, ახალ ბაზრებზე გასვლის საფუძველი გახდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის ხელშეწყობისა და სავაჭრო მისიების ორგანიზების გარდა, სამინისტრო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პოტენციურ ექსპორტიორებს ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას ექსპორტიორებისთვის, მათ შორის, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას. ისინი ხელს უწყობენ საექსპორტო ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას. გარდა ამისა, სააგენტო რამდენიმე წელია, ახორციელებს პოტენციურ საექსპორტო კომპანიებში ე.წ. ექსპორტის მენეჯერების გადამზადებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები