მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი სილქნეტი იქნება

63a4821cf0d5b
BM.GE
22.12.22 20:30
797

კომპანია სილქნეტი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი გახდა და ზამთრის სეზონის მთავარი ღონისძიების მასპინძელი იქნება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც დღეს სასტუმრო რადისონში, ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე გაიმართა.

სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილის განცხადებით, სპორტით უდიდესი საქმე იწყება.

„ჩვენი 20 წლიანი საქმიანობა, როგორც კერძო ბიზნესის დაგვირგვინდა უდიდესი მოვლენით, რასაც ჰქვია მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სპორტით უდიდესი საქმე იწყება . მთავრობის მიერ შეიქმნა უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს დიდი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველს ვინც ამაში მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს რომელმაც გადამწყვეტ მომენტში მიიღო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები“- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ორი სეზონი ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს კროსში უმასპინძლებს.

ჩემპიონატი 7 დისციპლინას მოიცავს, მედლების რაოდენობა კი 30 კომპლექტს შეადგენს. ასეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დაახლოებით 50 ქვეყნიდან 2000-მდე სტუმარს: სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს ბაკურიანი უმასპინძლებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ მასშტაბის სპორტულ ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციებით, მსოფლიო სტანდარტის ინფრასტრუქტურა ისტორიულ კურორტ ბაკურიანში შექმნა.

"მოგეხსენებათ, უმოკლეს ვადებში საკმაოდ რთული სამუშაოები შევასრულეთ და შედეგად ბაკურიანს დღეს უკვე აქვს ორი ხელოვნური რეზერვუარი, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამდენიმე ახალი საბაგირო და 6 საშეჯიბრო, სათხილამურო ტრასა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენ პარტნიორ კომპანიას, ყველა ადამიანს ვინც ამ საქმეში არის ჩართული, ფედერაციას და განსაკუთრებული მადლობა, ბატონ გიორგი რამიშვილს, რომელსაც ეკუთვნის ჩემპიონატის ჩატარების ინიციატივა და რომ არა მისი ჩართულობა, ლობირება და ამ საქმის სიყვარული - არც ეს პროექტი გვექნებოდა და არც ეს ინფრასტრუქტურა " - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ისეთ სახეობებს მოიცავს, რომელიც სპორტსმენისთვის საკმარისად ექსტრემალურია და მაყურებლისთვის - სანახაობრივი. ბაკურიანის დამსვენებლებს ან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ასპარეზობებს. უგულშემატკივრონ ქართველ სპორტსმენებს 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დიდველის და კოხტა-მიტარბის ტრასებზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო არხით - ევროსპორტით - მოხდება ჩემპიონატის ტრანსლაცია. ასევე საინფორმაციო მხარდამჭერები ევრონიუს საქართველო და სილქუნივერსალი იქნებიან. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის მზადება სათხილამურო ფედერაციამ და სილქნეტმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე საქართველომ მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები