მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024-ში EU-დან საქართველოს 4 196 მოქალაქე გამოაბრუნეს - ნახევარზე მეტი გერმანიიდან

გერმანია

2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 4 196 მოქალაქის რეადმისიის პროცესი განხორციელდა, საიდანაც ნახევარზე მეტი, 2 543 ადამიანი, გერმანიიდან გამოაბრუნეს. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

ევროკავშირიდან რეადმისირებული მოქალაქეების რაოდენობა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 169 მოქალაქით შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს გერმანიიდან რეადმისირებულთა შორის 880 არასრულწლოვანი იყო. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 710 მოქალაქე გამოაძევეს საფრანგეთიდან, 201 საბერძნეთიდან, 148 შვეიცარიიდან, იტალიიდან 92 მოქალაქე, პოლონეთიდან 91 მოქალაქე, ირლანდიიდან 66, ესპანეთიდან კი 58 მოქალაქე.

წელი რეადმისირებულთა რაოდენობა
2024 4196 მოქალაქე;
2023 4365 მოქალაქე;
2022 3034 მოქალაქე;
2021 2547 მოქალაქე;
2020 2539 მოქალაქე;
2019 3252 მოქალაქე.

რა არის რეადმისია?

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. ეს შეთანხმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, უკან დააბრუნონ ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან. გარდა ამისა, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებას გარკვეული პირობების საფუძველზე.

შეთანხმების მიხედვით, რეადმისიისა და ტრანზიტის ყველა სატრანსპორტო ხარჯს ის ქვეყანა ანაზღაურებს, რომელიც მოქალაქის დეპორტაციის მოთხოვნას აყენებს, ვიდრე პირი საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვარს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები