საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ კაპიტალის ბაზრის ტენდენციები შეაფასა და მოლოდინებზეც ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2023 წელი კაპიტალის ბაზრისთვის წარმატებული წელი იყო - გამოშვებული ობლიგაციების მოცულობამ რეკორდული 1.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით, 80%-იანი ზრდაა. ამასთან, გამოშვებული ობლიგაციების 70% - უცხოურ ვალუტაში, ხოლო 30% ლარში იყო დენომინირებული. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში Galt & Taggart-მა 12 საჯარო განთავსებაში მიიღო მონაწილეობა (ჯამში 19-დან).
ობლიგაციების ბაზარზე მაღალ აქტიურობას Galt & Taggart 2024 წელსაც ელოდება, რასაც სწრაფად მზარდი ეკონომიკა და შესაბამისად, კომპანიების დაფინანსების საჭიროების ზრდა განაპირობებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე ინტერესი ნარჩუნდება, გვგონია, რომ 2024 წელი ობლიგაციების ბაზრისთვის, ძლიერი წელი იქნება. წლის დასაწყისში უკვე მოვასწარით ერთი ბონდის წარმატებით განთავსება, რომელიც IG development-თან ერთად განვახორციელეთ. ეს მულტისავალუტო პროგრამის ნაწილი იყო“, - აღნიშნავს ლევან შავკაციშვილი.
შავკაციშვილმა საინვესტიციო-საკონსულტაციო მიმართულებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, Galt & Taggart-ში ეს მიმართულება ძალიან აქტიურია. კომპანია მომხმარებლებს კონსულტაციას უწევს აქტივების შერჩევისა და ყიდვა-გაყიდვის პროცესში. ამასთან, ორიენტირებულია ტრანზაქციის წარმატებით დასრულებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
საინვესტიციო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასევე აქცენტი გააკეთა საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებულ იმ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს.
"წინა წელს, EBRD-თან და ევროკავშირთან ერთად, კაპიტალის ბაზრების განვითარების პროექტი წარმატებით დავხურეთ. აქ Galt & Taggart ექსკლუზიური ადგილობრივი პარტნიორი იყო", - ამბობს ლევან შავკაციშვილი და თვლის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა ობლიგაციების ბაზრის გაფართოების მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იყო. მან ასევე ხაზი გაუსვა USAID-ის ფინანსური ინოვაციების 5-წლიან პროგრამას, რომელიც ქართულ ბაზარზე დაფინანსების მეტი ალტერნატივის შექმნას გულისხმობს და ამ პროგრამის ერთ-ერთი განმახორცილებელი Galt & Taggart-ია.
ლევან შავკაციშვილმა ისაუბრა Galt & Taggart-ის საბროკერო და კვლევით მიმართულებებზეც. მან აღნიშნა, რომ კომპანიას კვლევის მიმართულებით 10-წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდი 20-მდე ეკონომისტსა და სექტორულ ექსპერტს აერთიანებს, რომლებიც ეკონომიკის 14 სექტორს ფარავენ. წლის განმავლობაში კი, სხვადასხვა ფორმატის კომუნიკაციასთან ერთად (პირისპირ შეხვედრები, კონფერენციები, სატელევიზიო ეთერი და ა.შ.), დაახლოებით 100-ზე მეტი პუბლიკაციის გამოშვებაა დაგეგმილი.
რაც შეეხება საბროკერო მიმართულებას, აქ კომპანიაში 30-მდე გამოცდილი ბროკერია წარმოდგენილი. ლევან შავკაციშვილის ინფორმაციით, ბროკერები მომხმარებლებს სამი სახის განსხვავებულ მომსახურებას უწევენ. ერთი - უფრო კომპლექსური საჭიროებების, ინდივიდუალური საბროკერო შეთავაზებაა. მეორე - ე.წ. სოფისტიცირებული მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც 2015 წლიდან „საქსო ბანკთან" ექსკლუზიური თანამშრომლობით დაინერგა. ხოლო მესამე მომსახურება, კერძოდ ინვესტიციების პლატფორმა, შედარებით ახალი, მარტივი და ხელმისაწვდომი სერვისია. იგი "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ მომხმარებელს მობილბანკის გამოყენებით აქციებით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენი მიზანია, სწორი ინფორმაცია და საინვესტიციო შესაძლებლობები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს“, - ამბობს ლევან შავკაციშვილი.