ბიო ტუალეტების იმპორტიორი კომპანიის “ჰასი საქართველოს” დირექტორი, ირაკლი ჩხაიძე BM.GE-სთან 2024 წელს აფასებს და ამბობს, რომ გაყიდვები 10-15%-ით გაეზარდათ.
მისივე ცნობით, გარდა გაყიდვების ზრდისა, კომპანიამ წლის განმავლობაში ასორტიმენტი უფრო გაამრავალფეროვნა და ახალი პროდუქტები დაამატა.
"წელი ძალიან კარგი და წარმატებული იყო, რადგან გაყიდვებმა 2023 წელთან შედარებით 10-15%-ით მოიმატა. რაც შეეხება პროდუქტებს, ძალიან ბევრი პროდუქტი დავამატეთ, სამშენებლო კომპანიების მიმართულებით. კერძოდ, სატკეპნი, სანგრევი, პატარა ტრაქტორები, ექსკავატორები, გენერატორები. ეს არ არის სრული სია. ჩამოტანილი გვაქვს ძალიან ბევრი დიდი თუ პატარა ტიპის ტექნიკა, რომელიც კომპანიას დავამატეთ.
ახალ პროდუქტებს რაც შეეხება, მათი დამატება ალბათ უწყვეტ რეჟიმში მოხდება. ყოველთვის გვექნება ჩვენ იმის მოთხოვნა თუ აუცილებლობა, რომ ახალი პროდუქტები შეიძლება ბევრი ვერა, მაგრამ მაინც ჩამოვიტანოთ, რადგან ბაზარი ასე თუ ისე დღემდე ვითარდებოდა. ამ განვითარებას და ევროპული სტანდარტების შემოღებას თან მოსდევს ბევრი ახალი პროდუქტის დამატება", - აცხადებს ჩხაიძე.
“ჰასი საქართველოს” დირექტორი მიმდინარე წლის გეგმების პროგნოზირებისგან თავს იკავებს, რადგან ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა. თუმცაღა ის დასძენს, რომ თუ ქვეყანა სტაბილური იქნება, ზაფხული ძალიან ცხელი და დატვირთული უნდა იყოს.
„ველოდებით, რომ ზაფხული ძალიან ცხელი იქნება იმ კუთხით, რომ ძალიან დაკავებული ვიქნებით როგორც ივენთ პროექტების კუთხით, ასევე სამხედრო პროექტების კუთხითაც. ყოველ ზაფხულს იმართება ხოლმე ქართული ჯარების წვრთნები, რაც ჩვენთვის ძალიან მასშტაბური პროექტი იყო. თითქმის ყველა ბიო ტუალეტი ტუალეტი და დანადგარი გაგვქონდა ამ პროექტისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩხაიძემ.
ინფორმაციისთვის, კომპანია ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და ის სამშენებლო უსაფრთხოებისა და სანიტარული მომსახურების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით ახდენს.