მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“2024 წელს დაკრედიტების ტემპი გაორმაგდა” - რა შედეგებით დაასრულა წელი მიკროსაფინანსო სექტორმა?

ნინო დევდარიანი

მიკროსაფინანსო სექტორი სტაბილურ მოგებიანობას აჩვენებს. წინასწარი მონაცემებით, სექტორში გასულ წელს დაკრედიტების ტემპი გაორმაგდა, რაც საპროცენტო ხარჯების შემცირებას და ზოგადი მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირდება. "მიკროსაფინანსოების ასოციაციის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, საბანკო სექტორთან შედარებით მისოებში მოგებიანობა შედარებით მცირეა, თუმცა სტაბილური, რაც სექტორის გაჯანსაღებაზე მიუთითებს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ნინო დევდარიანს ბოლომდე ოპტიმიზმის საშუალებას არ აძლევს, თუმცა იმედი აქვს, რომ საპროცენტო ხარჯების კუთხით დაბალი ნიშნული წელსაც შენარჩუნდება, რაც სექტორს კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

“2024 წელი მიკროსაფინანსო სექტორისთვის საკმაოდ კარგი წელი იყო. ეს აისახა როგორც დაკრედიტების ტემპის ზრდაში. 2023 წელი ჩვენ დაახლოებით 8-9%-იანი ზრდით დავასრულეთ. 2024 წელს ეს ზრდის ტემპი გაორმაგებული იყო და 20%-იან ზრდას ველოდებით.

სექტორი ინარჩუნებს დაბალი რისკების პროფილს, რაც მის სიჯანსაღეზე მიუთითებს და კლებადი რისკების ტენდენციას, რაც უფრო მეტ გაჯანსაღებაზე მიუთითებს.

მოგებიანობის თვალსაზრისით სტაბილური მოგებიანობა ნარჩუნდება, დაახლოებით 17-18% არის უკუგება კაპიტალზე, მათ შორის 2024 წელს. საბანკო სექტორთან შედარებით დაბალია ეს მოგებიანობა, თუმცა სტაბილური მოგებიანობა კარგის ნიშანია.

გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორში შეინიშნებოდა მნიშვნელოვნად საპროცენტო ხარჯების შემცირება. ზუსტად ამან შეუწყო ხელი ზრდის ტემპის დაჩქარებას და ზოგადი პარამეტრების გაუმჯობესებას.

დიდი იმედი მაქვს, რომ 2025 წელსაც ეს შენარჩუნდება, თუმცა დღეს არსებული ვითარება ბოლომდე ამ ოპტიმიზმის საშუალებას არ მაძლევს, თუმცა იმედი მაქვს საპროცენტო ხარჯების კუთხით დაბალი ნიშნული ისევ შენარჩუნდება და ეს კიდევ უფრო მისცემს სექტორს საშუალებას გაიზარდოს და გაჯანსაღდეს”,-აცხადებს "საქმის კურსთან" ინტერვიუში ნინო დევდარიანი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები