მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიკრობანკების მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნების შემსუბუქებაა საჭირო.
როგორც ნინო დევდარიანმა BMG-ის განუცხადა, ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე, შესაბამისი რეგულაციების გადახედვის საჭიროება დგას დღის წესრიგში.
დევდარიანის თქმით, ერთ-ერთი ასევე მიმართულება თავად მიკრობანკების პორტფელის სტრუქტურის მოთხოვნების ცვლილებაა. კერძოდ, დღევანდელი რეგულაციით, მათ მიერ გაცემული კრედიტების მინიმუმ 70% ბიზნესსესხები უნდა იყოს.
მისი შეფასებით, ამ მოთხოვნის შემსუბუქება მათ შორის ხელს შეუწყობს, რომ ბაზარზე ახალი მიკრობანკებიც შემოვიდნენ.
“უკვე თითქმის ორი წელია, რაც მიკრობანკების ბაზარი შეიქმნა და მოთამაშეები გამოჩნდნენ. საწყისი რეგულაციების პაკეტი, რაც იყო შემოთავაზებული, ეს არის ფაქტობრივად დიდწილად იდენტური იმისა, რაც საბანკო სექტორშია და პრინციპში, ორწლიანი ოპერირების გამოცდილება უკვე აჩვენებს იმას, რომ გარკვეულწილად არის გადახედვის საჭიროება კონკრეტულ რეგულაციებში ამ სექტორისთვის, რათა ის იყოს უფრო ადვილად ოპერირებადი და პრინციპში გარკვეული ინიციატივები ამ მიმართულებით თავად სექტორის წარმომადგენლებსაც აქვთ. ვფიქრობ, შემდგომი ეტაპია უკვე კონკრეტულ რეგულაციებში ცვლილებების ინიციირება და განხორციელება.
ერთი, რაც წაადგება სექტორს თუნდაც იმისთვის, რომ ახალი მოთამაშეები ვიხილოთ სექტორში, ეს არის, რა თქმა უნდა, პორტფელის კომპოზიციის მოთხოვნა. ახლა საკმაოდ მაღალია პორტფელის კომპოზიციის ნაწილი. საუბარია, რომ პორტფელის 70% და მეტი უნდა იყოს ბიზნესდაკრედიტების სფერო და ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია იყოს დაინტერესებული ამ სეგმენტში გადმოსვლით, სავარაუდოდ, ალბათ პირველი, რაც უნდა გადაიხედოს, ეს მოთხოვნაა და გარკვეული შემსუბუქება ამ მიმართულებით უნდა ვიხილოთ. ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც გარკვეული პორტფელური კომპოზიციის შეზღუდვა აქვს ამ ნაწილზე, მხოლოდ მიკრობანკები. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა, რომ უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახდეს სექტორი, ვფიქრობ, ეს მოთხოვნა ალბათ ეტაპობრივად უნდა გამარტივდეს”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის პირველი ლიცენზია 2024 წლის დეკემბერში გასცა. ამ ეტაპზე ბაზარზე მხოლოდ ორი მიკრობანკი - “კრისტალი” და “ემბისი" ოპერირებს.
























