უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების ამავე ვალუტაში გაცემის შესაძლებლობა მიკრობანკებს ჰეჯირებისა და სავალუტო რისკების მართვის ხარჯებს შეუმცირებს - მიიჩნევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი. ნინო დევდარიანის თქმით, ხარჯების შემცირება კი, თავის მხრივ, ქმნის წინაპირობას, რომ მიკრობანკებმა მომავალში საკრედიტო რესურსი უფრო გააიაფონ.
საქმე ისაა, რომ უმრავლესობის დეპუტატების მიერ “მიკრობანკების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუ დღეს მიკრობანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ სესხების გაცემა, მათ მომავალში უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაც შეეძლებათ. ხოლო ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 1 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
“მიკრობანკების აქტივების უდიდესი ნაწილი ეს არის პორტფელი. თუ პორტფელი გენერირდება მხოლოდ ლარში, რა თქმა უნდა, ვალდებულებების ნაწილი, რომელიც მოიზიდება უცხოურ ვალუტაში, ეს ექვემდებარება გარკვეულწილად სავალუტო რისკებს და მიკრობანკები იძულებულები არიან, რომ ეს რისკები დააზღვიონ და დამატებითი ჰეჯირების ხარჯები შემოდის მათ ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ აქტივების და ვალდებულებების სტრუქტურა, მათ შორის ვალუტების ჭრილში დააბალანსონ, ეს ხარჯვით ნაწილს, რა თქმა უნდა, შეამცირებს ორგანიზაციებში და ხარჯვითი ნაწილის შემცირება კიდევ აუცილებლად არის ხოლმე წინაპირობა იმისი, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უფრო მეტად გააიაფონ თავიანთი რესურსი”,-აცხადებს დევდარიანი.
რაც შეეხება სესხის გაცემის ზედა ზღვარის 1 მილიონი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე გაზრდას, მისოების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს მიკრობანკებს საშუალებას მისცემს, უცხოურ ვალუტაშიც განახორციელონ დაკრედიტება, თუმცა მისი შეფასებით, ეს ცვლილება ეტაპობრივად აისახება ბაზარზე და ერთბაშად 2-მილიონიანი სესხების მასობრივ გაცემას მოკლე ვადაში არ უნდა ველოდოთ.
























