მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნების შემსუბუქება ბაზარზე ახალი მიკრობანკების გაჩენას შეუწყობს ხელს - ნინო დევდარიანი

ნინო დევდარიანი

მიკროსაფინანსო ასოციაციაში ელიან, რომ მიკრობანკებისთვის დაგეგმილი რეგულაციების შემსუბუქება და მათი საქმიანობის არეალის გაზრდა, ბაზარზე ახალი მიკრობანკების გაჩენას შეუწყობს ხელს.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, აქამდე ამ ბაზარზე შესვლის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი სესხების კომპოზიცია იყო, რომლის თანახმადაც მიკრობანკის სესხების მინიმუმ 70% სამეწარმეო მიმართულებით უნდა ყოფილიყო.

ნინო დევდარიანის შეფასებით, ამ ზღვრის 50%-მდე შემცირება შესაძლოა, სტიმული იყოს ახალი მოთამაშეებისთვის მიკრობანკების ბაზარზე შესასვლელად.

“მიკრობანკების სექტორში დაგეგმილ ცვლილებებს ნამდვილად მივესალმებით. ცვლილებები შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. ერთი არის ის, რომელიც უფრო მეტად აკონკრეტებს, აზუსტებს და ამარტივებს გარკვეულწილად ლიცენზირების პროცესს და ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები დაეხმარება ორგანიზაციებს, ვისაც სურვილი გაუჩნდება რომ ამ სექტორში შემოვიდეს, უფრო მარტივად გადალახოს ლიცენზირების პროცესი. მეორეს მხრივ, უკვე არსებული და ასევე სამომავლო მიკრობანკებისთვის საქმიანობის არეალი ფართოვდება. ეს არის გაზრდილი დაკრედიტების ზღვარი, რომელიც მილიონი ლარიდან უკვე 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება. მეორეს მხრივ, მცირდება პორტფელის კომპოზიციის მოთხოვნა, იმიტომ რომ მიკრობანკები ფაქტობრივად ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტები არიან საქართველოს ბაზარზე, რომელსაც გარკვეული მანდატი აქვთ მათი სახსრების დაბანდების. აქედან გამომდინარე, თუ საწყისი წერტილი იყო 70% პორტფელის ბიზნეს დაკრედიტების, ახლა უკვე ეს ჩამოვიდა 50%-მდე და ვფიქრობთ, რომ ეს გამარტივება მათ შორის, ხელს შეუწყობს ახალი მიკრობანკების გაჩენას ბაზარზე.

მთავარი დაბრკოლება არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიკრობანკების სექტორში გადანაცვლებისთვის პორტფელის კომპოზიცია იყო. სალომბარდე პორტფელის წილი მთლიან მიკროსაფინანსო სექტორში დაახლოებით 80%-ია. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ბარიერს უქმნის ორგანიზაციებს, ვისაც ბიზნეს სესხები არ აქვს ამ ოდენობით, შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. აქედან გამომდინარე, ამ მოთხოვნის 70-დან 50%-მდე დაწევა უკვე უფრო რეალისტურს გახდის ამ ორგანიზაციების სულისკვეთებას, რომ მიკრობანკების სექტორში გადმოვიდნენ და შესაბამისად უფრო გაამარტივოს მათი ამოცანები”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით, მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა შეეძლებათ, ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი კი 1 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამასთან, სამეწარმეო მიზნებისთვის გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები