2024 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა და 1 110 885 ვიზიტი შეადგინა. 2023 წელს კი, დაცულ ტერიტორიებს 1 078 112 ვიზიტორი სტუმრობდა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს დაფიქსირებულ ვიზიტორთა შორის, 41% ქართველია, ხოლო 59% - უცხოელი. ტოპ-5 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდნენ შემდეგია: რუსეთი, ინდოეთი, პოლონეთი, ისრაელი, ბელარუსი;
რაც შეეხება ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ესენია: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, წალკის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი.
ცნობისთვის, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელი მოიცავს 100 დაცულ ტერიტორიას საერთო ფართობით 927,729 ჰექტარი, რაც ქვეყნის საერთო ფართობის 13.3%-ს შეადგენს.
"2024 წელს, 15 310 ჰა-ზე შეიქმნა გურიის ეროვნული პარკი; ასევე, საანგარიშო პერიოდში მომზადდა რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების კანონპროექტი. მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის, სამეგრელოს და ლეჩხუმის გეგმარებით დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, - წერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში.




























