"საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების წახალისება მოხდეს. ამის შესახებ არჩილ გაჩეჩილაძემ „საქმიან დილაში“ საბანკო სექტორის 2023 წლის შედეგებსა და 2024 წლის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიგრანტების ტალღა გადავლილია და ახლა, ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად აუცილებელია ინვესტიციები, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო ინვესტიციების წახალისებაც უნდა მოხდეს.
„2023 წელს საბანკო აქტივობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდით. სექტორში აქტივები და სესხები 20%-ით გაიზარდა. როგორც დეპოზიტებში, ისე სესხებში კონკურენცია დიდია, რაც მომხმარებლისთვის კარგია და შესაბამისად, ეს მეტ აქტივობას იწვევს.
2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანია იქნება ზრდის შენარჩუნებისთვის ინვესტიციების წახალისება მოხდეს. ვინაიდან 2022-2023 წლებში რეგიონალური პრობლემებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი იმიგრანტი გვყავდა, რომელთაც შემოსავალი მოჰყვათ... ბევრმა ადამიანმა გააქირავა სახლები, მშენებლობა გააქტიურდა და ა.შ. ამასთან ერთად ეს ტალღა გადავლილია და ეკონომიკის გაზრდილი დონის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში, სატრანსპორტო სფეროში, საუნივერსიტეტო საქმიანობაში ინვესტირება. ამ კუთხით სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ასევე კერძო ინვესტიციების წახალისებაა მნიშვნელოვანი, სადაც 2024 წელს უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ინერცია შენარჩუნდეს“, - განმარტა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. საქსტატის ახალი შეფასების მიხედვით, 2022 წელს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა.