საფრანგეთის მთავარმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ პრეზიდენტ მაკრონისა და მისი ოფისის 2024 წლის დანახარჯები გამოაქვეყნა. ფრანგული L'express-ის ინფორმაციით, ელისეის სასახლის ბიუჯეტი გასულ წელს €123 მილიონი ევრო იყო, საიდანაც გადახარჯვამ €6.7 მილიონი შეადგინა. ცნობისთვის, 2023 წელს პრეზიდენტის ოფისის ბიუჯეტის დეფიციტი €8.3 მილიონი ევრო იყო.
აუდიტორები საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლების სამოგზაურო ხარჯების 13%-ით შემცირებას დადებითად აფასებენ. გარდა იმისა, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ 20 მილიონი ევრო დაიხარჯა, CO₂-ის გარემოში გავრცელება 10%-ით შემცირდა.
აუდიტორულმა ორგანიზაციამ პრობლემური საკითხებიც გამოავლინა. კერძოდ, ინსტიტუტმა ელისეის სასახლეს მოუწოდა, მოაგვაროს დაცვის სამსახურის მენეჯმენტთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემები და განმარტოს, რატომ უჯდება 64 თანამშრომლის დაბინავება საბაზრო ღირებულებაზე იაფი.




























