საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხსენებით გამოსვლისას ინფლაციურ მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინფლაცია 2023 წლის განმავლობაში სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს კი მიზნობრივ მაჩვენებელთან დასტაბილურდება.
"2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი ინფლაცია 0.1 პროცენტს, ხოლო საბაზო ინფლაცია, 1.8 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მოყოლებული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, რაც ჩვენთვის გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს. ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.