მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს იუსტიციის სამინისტრო საარბიტრაჟო დავებში 65 მილიონ ლარს დახარჯავს

იუსტიცია

იუსტიციის სამინისტრო 2024 წლის განმავლობაში საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე 65 მილიონ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. აღნიშნული თანხები დაიხარჯება საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ინვესტორებთან მიმდინარე დავებში იცავენ. საუბარია ისეთ მსხვილ დავებზე, რომლებიც Inter Rao-სთან, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, “მაგთის” დამფუძნებლებთან და სხვა მხარეებთან მიმდინარეობს.

საარბიტრაჟო დავებში იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან ტენდერის გარეშე გამარტივებული შესყიდვით აფორმებს. მათ შორის ყველაზე დიდი კონტრაქტები სახელმწიფოს საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-ისთვის აქვს გადახდილი, რაც 120 მილიონ ლარს აღემატება.

“ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს წარმომადგენლობას სახელმწიფოს ან/და მთავრობის, ან აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეული ორგანოს სახელით საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე, უცხო ქვეყნის სასამართლოებში, ამასთან დავები უკავშირდება უცხოურ ინვესტიციებს და მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შესაძლებელია, იყოს ბმაში განსაკუთრებულ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება ატარებს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ხასიათს,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

იქიდან გამომდინარე, რომ საარბიტრაჟო დავები წლობით გრძელდება, მათ მომსახირებაზე სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხები ყოველწლიურად ათობით მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წელს ეს 70 მილიონი ლარია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით კი ამ მიმართულებით 65 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

White & Case-ზე არბიტრაჟების იურიდიული ხარჯების ნახევარზე მეტი მოდის, მათ გარდა საქართველოს მთავრობას სხვა საერთაშორისო იურიდიული კომპანიებიც ჰყავს დაქირავებული, ესენია Dechert-ი (გადახდილია 17 მლნ ლარი), AARPI Gaillard Banifatemi (25 მლნ ლარი), Shearman & Sterling-ი (გადახდილია 1 მლნ-ზე მეტი).

რა საქმეებზე მუშაობენ მთავრობის მიერ დაქირავებული უცხოელი იურისტები:

  • „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
  • „მაგთის“ მფლობელი კომპანიების – TELCELL WIRELESS LLC და INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინვესტორის ბობ მეიერის დავა – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;
  • „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ დავაში ტრიბუნალი აფასებს, მიაყენა თუ არა საქართველოს მთავრობამ „კავკასუს ონლაინის” ინვესტორს $200 მილიონი დოლარის ფინანსური ზარალი.

2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ წააგო მრავალწლიანი დავა რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 76 მილიონი დოლარის კომპენსირება დაევალა. თუმცა, მთავრობის განცხადებით, ამ საქმეზე იურიდიული წარმოება სრულად დასრულებული არაა.

როგორც BMG-სთვის არის ცნობილი, 2023 წელს დაწყებული ერთ-ერთი დავა შვეიცარიელ ინვესტორს რონალდ ვოლდმენს და შპს “ბაზელს” უკავშირდება. ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიტანა.

ამასთან, 2022 წელს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა განაცხადი. ამ დროისთვის უცნობია, რა არის დავაში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჰესის საინვესტიციო მოცულობა $800 მილიონს შეადგენდა, სავარაუდოდ ENKA-ს მიერ მოთხოვნილი თანხაც, ასობით მილიონი დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პროცესები საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდება, მაშინ ქვეყნის ბიუჯეტს სოლიდური ხარჯების გაღება მოუწევს, რაც ფინანსთა სამინისტროს შეფასებით ერთ-ერთ ფისკალურ რისკს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები