მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური საარბიტრაჟო დავების მრავალმილიონიან ფისკალურ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას

647caab63682d
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.23 19:12
970
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ბიუჯეტისთვის ერთ-ერთ ფისკალურ რისკს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წაგება წარმოადგენს. აუდიტის სამსახური მიუთითებს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც, ინვესტორების მიერ დაწყებულ საარბიტრაჟო საქმეებში მოთხოვნილი დავის საგანი 2.9 მილიარდ დოლარს აღწევს.

“ფისკალური რისკების ერთ-ერთ წყაროს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე რისკები. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით 2022 წლიდან ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე ფისკალური რისკების ანალიზი და შეფასება. 2022 წლის ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟში შვიდი მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა 2.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

აღნიშნული დავებიდან, 2022 წელს საქართველოს მიმართ მეორე მხარეს წარმოექმნა ჯამური ვალდებულება 164.6 მლნ ლარი, ხოლო საქართველოს წარმოქმნილმა ვალდებულებამ მეორე მხარის მიმართ 0.7 მლნ ლარი შეადგინა (თანხები დათვლილია 31.12.2022-ის ოფიციალური გაცვლითი კურსით). ამასთანავე, 2023 წელს ერთ-ერთი საარბიტრაჟო დავის ფარგლებში საქართველოს წარმოექმნა 112 მლნ აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ მომზადებულ დასკვნაში.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრომ BMG-ის წერილობით აცნობა, რომ Inter Rao-ს სასარგებლოდ დაკისრებული 112 მილიონი დოლარი გასაჩივრებულია და ამჟამად ბიუჯეტს აღნიშნული კომპენსაციის გადახდა არ უწევს.

BMG-იმ იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია კონკრეტულ მიმდინარე დავებში მოთხოვნილი კომპენსაციების შესახებ:

• “ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
• მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
• “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
• "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინვესტორის ბობ მეიერის დავა - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;

რატომ მიდიან ინვესტორები არბიტრაჟში?

როგორც წესი, საარბიტრაჟო დავები მსხვილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება. მათში ხშირ შემთხვევაში მოსარჩელეს უცხოური კომპანიები წარმოადგენენ. ამ ინვესტორებს არბიტრაჟისადმი მიმართვის შესაძლებლობას საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები აძლევს.

მაგალითად, საქართველოს აქვს ინვესტორთა უფლებების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები აშშ-სთან, ნიდერლანდებთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან. მათ შორის ზოგიერთი ასეთი ხელშეკრულება თავისი შინაარსიდან გამომდინარე უფრო ფართოა და ინვესტორებს მეტ უფლებებს ანიჭებს.

ოფშორები და შუამავალი კომპანიები ამ მხრივ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებენ და პოტენციურად სარისკოს ქმნიან. მაგალითად, რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao საქართველოს წინააღმდეგ ჰოლანდიელი ინვესტორის სტატუსით დავობს. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ კომპანია საქართველოში ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით ოპერირებდა. ზოგიერთ შემთხვევაში მომჩივანი ქართველი ინვესტორია, ხოლო საქმეს არბიტრაჟი განიხილავს იმიტომ, რომ ინვესტორი ოპერაციებს ოფშორული ზონის იურიდიული პირით ახორციელებდა. შესაბამისად, ქაღალდზე დავა პანამელ ან კაიმანელ ინვესტორთან მიმდინარეობს.

მსხვილ საინვესტიციო პროექტებში როგორიცაა ახალი აეროპორტის, პორტის თუ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მთავრობასა და ინვესტორებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებში ყოველთვის არის მუხლი იმის თაობაზე, რომ მხარეები თანხმდებიან რომ სადავო საკითხები საერთაშორისო არბიტრაჟის გზით გადაჭრან. ხშირ შემთხვევაში მითითებულია კიდეც რომელი საარბიტრაჟო იურისდიქცია უნდა იყოს ასეთი დავების განხილვის სივრცე, იქნება ეს ICSID-ი, სტოკჰოლმის ტრიბუნალი, ICC-ის არბიტრაჟი თუ სხვა.

ათობით მილიონი ლარი იურისტების დაქირავებისთვის

საქართველოს მთავრობა ამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტები საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-თან არის გაფორმებული, რომლებშიც იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის შემდეგ 84 მილიონი ლარი გადაიხადა. იურიდიული ფირმა AARPI-ის სერვისებში 19 მილიონი ლარი, Dechert-ის დაქირავებაში კი 11 მილიონი ლარი არის გადახდილი. მთლიანობაში 2022 წლის შემდეგ არბიტრაჟებისთვის უცხოელი იურისტების კონტრაქტების მოცულობა 115 მილიონი ლარს აღემატება.

იურიდიული მომსახურების მხრივ ყველაზე ძვირად ღირებული დავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმდინარეობს, სადაც კომპანია White & Case-ის სერვისში მთავრობამ უკვე 24.6 მილიონი ლარი გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები