საქართველოში საკონდიტროების და საცხობების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა - "მადარტმა" 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავალი 65.39 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდაა. ამასთან, 1.4 მილიონი ლარით, 6.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა კომპანიის მოგება.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 40 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც მასალების შესყიდვის ხარჯი 23 მილიონი ლარი იყო, უშუალოდ საწარმოო პროცესში ჩართული პირების ანაზღაურება 12 მილიონ ლარს შეადგენდა, სხვადასხვა ზედნადები ხარჯი 3.8 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 1.2 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, კომპანიის მიტანის სერვისის სახელფასო ხარჯები - 4.2 მილიონი ლარი იყო, ტრანსპორტირების ხარჯები 3 მილიონი ლარი, იჯარის ხარჯები - 0.7 მილიონი ლარი, მარკეტინგი კი 0.5 მილიონი ლარი იყო. მთლიანობაში მარკეტინგის და მიწოდების ხარჯები 8.9 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს ის მთლიანობაში 9 მილიონ ლარს შეადგენდა.
"კომპანია დაარსდა 2009 წელს საქართველოში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნამცხვრების, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და რეალიზაცია სპეციალიზებულ მაღაზიებში. ჯგუფის მმართველობას ახორციელებს 100% წილის მფობელი, დირექტორი - დავით ჭრელაშვილი, რომელსაც უფლება აქვს მართოს თავისი წილი, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. მიიღოს გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების, სესხის აღებისა და უზრუნველყოფის თაობაზე. ჯგუფი მისი სწრაფი წინსვლისა და განვითარების ტემპიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას. საქმიანობის დაწყების დღიდან, კომპანიის გაფართოების კვალდაკვალ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. კომპანიის შვილობილი კომპანია, „მადარტ დელივერი“, რომელიც შეიქმნა 2020 წლის ივლისში, წარმოადგენს დამოუკედებელ სტრუქტურულ ერთეულს. კომპანიის საკუთრებაში არსებული 93 მოპედი, 18 სატვირთო და 11 მსუბუქი ავტომანქანა სრული დატვირთვით ემსახურება მომხმარებელს და ახორციელებს პროდუქციის დროულად და ხარისხიანად მიწოდებას.
ჯგუფის სამომავლო გეგმების ძირითადი მიმართულებებია: ახალი ლოკაციების დამატება. კერძოდ, ახალი, მრავალფუნქციური ფილიალის გახსნა ვაკე-საბურთალოს რაიონში და საქართველოს მასშტაბით. კომპანია 2025 წელს გეგმავს საკუთარი წარმოების პროდუქციის განახლებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და შემდგომში მაღალ განვითარებას მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად", - ნათქვამია კომპანიის წლიურ ანგარიშში.




























