მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მოძრაობა აღმოსავლეთ-დასავლეთისა და კახეთის მაგისტრალის 90კმ-ზე გაიხსნება - ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე
06.02.24 19:30
3098

"2024 წელს რეაბილიტირდება არანაკლებ 400 კმ-ზე მეტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ისტორიული პროექტის განვითარებისათვის, რომლის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2023 წელს გაიხსნა.

2024 წელს გაიხსნება რიკოთის დარჩენილი მონაკვეთებიც. ამ ეტაპზე 97 ხიდიდან აშენებულია 89, ხოლო 51 გვირაბიდან გაჭრილია 50.

გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებითაც. 2024 წელს დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იან და ბაკურციხე - წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთები. ასევე, გაგრძელდება 2023 წელს დაწყებული საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

"2024 წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა და ჯამში, 2024 წელს მოძრაობა გაიხსნება აღმოსავლეთ- დასავლეთისა და კახეთის მაგისტრალის 90 კმ მაგისტრალურ გზაზე. შესაბამისად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას უკვე, დაახლოებით, 3 - 3.5 საათი დასჭირდება და თითქმის განახევრდება კახეთის მიმართულებით გადაადგილების დროც“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

თავის გამოსვლაში მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი კობის პროექტის გნავითარება, სადაც წელს დასრულდება 9 კმ-ის სიგრძის 15 მ დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრის სამუშაოები. ასევე, გაიჭრება მთავარი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბიც. პროექტი, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

წელსვე გატარდება მოსამზადებელი ღონისძიებები რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი- წითელი ხიდის პროექტების დასაწყებად.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გაგრძელდება და დასრულდება არაერთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის, ხულო-ზარზმის გზაზე, სადაც უკვე

დასრულებულია 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო 2024 წელს გაგრძელდება და დასრულდება ხულო-ზარზმის გზის დანარჩენი მონაკვეთები.

გაგრძელდება ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, რომლის 25 კმ უკვე დასრულებულია, ხოლო 2024 წელს დაიწყო სამუშაოები დარჩენილ 25 კმ-იან მონაკვეთზე. სამუშაოების დასრულებაც დაგეგმილია 2025 წელს.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დასრულებულია და ავტოტრანსპორტი მოძრაობს თბილისი რუსთავის 17 კმ-იანი მონაკვეთის 13.5 კმ-ზე. გზის დარჩენილი 3.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელება კი 2024 წელს დაიწყება.

"გაგრძელდება და 2024 წლიდან ეტაპობრივად დასრულდება სამუშაოები ბაღდათი- აბასთუმანის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც 36 კმ-მდე გზა უკვე დასრულებულია. პროექტის შედეგად.“

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2024 წელს, ასევე, დასრულდება გომბორის 33 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაიწყება ომალოს მიმართულებით მიმდინარე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტების ეტაპობრივი დასრულდება.

საერთო ჯამში, კი 2024 წელს რეაბილიტირდება არანაკლებ 400 კმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები