2024 წელს საქართველოს მშენებლობის სექტორში 13.4 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შარშან მშენებლობის სექტორში 31 მილიონის დოლარის ინვესტიციის გადინებას ჰქონდა ადგილი, რაც მოიაზრებს მშენებლობის დარგის კატეგორიაში მყოფ ქართულ კომპანიებში უცხოელი ინვესტორის მიერ კაპიტალის შემცირებას, დივიდენდის გაცემას, სესხის დაფარვას ან უცხოელების მიერ წილების გაყიდვას ანუ კომპანიის ე.წ. „გაქართულებას“ და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმადვე, შარშან, საქართველოს მშენებლობის დარგში ყველაზე მეტი ინვესტიცია მეზობელი თურქეთიდან შემოვიდა - 13 მილიონი დოლარი, მას მოსდევს რუსეთი 12 მილიონით; სამეულშია აზერბაიჯანი, საიდანაც საანგარიშო პერიოდში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ხუთეულს კი ლატვია ($2.5 მილიონი) და ჩეხეთი ($2.4 მილიონი) ხურავენ.
ვირჯინიის კუნძულების გასწვრივ ინვესტიციის მოცულობის არმითითებას სტატისტიკის სამსახურში იმით ხსნიან, რომ ამ ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი, რომელთაც საქართველოს მშენებლობის სექტორში ჩადეს უცხოური ინვესტიცია, სამზე ნაკლებია.
როგორც საქსტატში განგვიმარტეს, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, მშენებლობის სფეროში ჩადებული ინვესტიცია მოიცავს შენობების და ნაგებობების მშენებლობას, ასევე, სამოქალაქო მშენებლობებს (სარემონტო სამუშაოები, რკინიგზის და გზების მშენებლობა, ხიდების და გვირაბების მშენებლობა და სპეციალიზებული მშენებლობა და ა.შ.)
რაც შეეხება TOP-ინვესტორ კომპანიას მშენებლობის სფეროში, სადაც შარშან FDI ჩაიდო, ათეული ასე გამოიყურება: შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია, შპს უძრავი ქონების მართვის კომპანია, შპს პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც, შპს სი. აი. ჯი, შპს მენარდ ჯორჯია, შპს პირველი საინვესტიციო კომპანია საქართველო, შპს ლეგერო, შპს ასგარდ ჯორჯია, ათლას ინშაათ საქართველოს ფილიალი, ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.
ცნობისთვის: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.