მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მსოფლიო მოსახლეობის 41% არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - რა უნდა ვიცოდეთ?

ხმის მიცემა

2023 წელს მსოფლიო რამდენიმე მასშტაბური კრიზისით ხურავს: მიმდინარე ომები უკრაინასა და ისრაელში, არაპროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობა და გაზრდილი ინფლაცია მცირედია იმ პროცესთა ჩამონათვალში, რომლებიც მსოფლიო წესრიგს თუ უწესრიგობას განსაზღვრავს. ამ ვითარებაში დანამდვილებით რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ დედამიწისთვის არც 2024 იქნება განსაკუთრებულად მშვიდი.

ეს იმიტომ, რომ შემდეგ წელს მსოფლიოს 76 ქვეყანაში არჩევნები გაიმართება, 30 ქვეყნის მოსახლეობა კი პრეზიდენტობის კანდიდატებს უყრის კენჭს. ტაივანით დაწყებული, საქართველოს ჩათვლით, მსოფლიო მოსახლეობის 41%-ს ეძლევათ შანსი, ახალი ლიდერები აირჩიონ.

The Economist-ის ინფორმაციით, იმ 71 ქვეყნიდან, რომლებსაც დემოკრატიის ინდექსი ფარავს, 43 სრულად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს, მათ შორის 27 სახელმწიფო კი ევროკავშირის წევრია. დარჩენილი 28 ქვეყანა დემოკრატიული არჩევნებისათვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.

ამასთანავე, მსოფლიოს 10 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნიდან 8-ში არჩევნები გაიმართება, ესენია: ბანგლადეში, ბრაზილია, ინდოეთი, ინდონეზია, მექსიკა, პაკისტანი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ქვეყანათა ნახევარში დემოკრატიისთვის აუცილებელი მინიმალური რეკვიზიტი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება - არ არსებობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბანგლადეშში, მექსიკაში, პაკისტანსა და რუსეთში არჩევნებს რეჟიმის ცვლილება მოჰყვება.

რაც შეეხება ბრაზილიას, ინდოეთს, ინდონეზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს - ამ ქვეყნების დემოკრატია “წუნდებულად” არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, თუმცა მათ პოლიტიკურ სისტემებში ხარვეზებია. ინდონეზიაში საკანონმდებლო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლებიც თებერვალში გაიმართება, სავარაუდოდ მემარცხენე-ცენტრისტი PDI პარტია მოიგებს, ინდოეთში კი მილიარდამდე ამომრჩეველი სასურველ პარტიას მისცემს ხმას, სადაც პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და მისი ნაციონალისტური პარტია მესამე ვადით მართვისათვის იყრიან კენჭს.

2024 წლის 5 ნოემბერს მილიონობით ამერიკელი შეერთებული შტატების მე-60 პრეზიდენტს აირჩევს, ან მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კიდევ ერთი ვადით დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ინდექსის საზომით დემოკრატიის 5 ასპექტიდან - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტივობები, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება - ყველაზე დაბალ შეფასებას ამერიკული პოლიტიკური კულტურა იმსახურებს. ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპს შეერკინება - ზუსტად ისე, როგორც ეს 2020 წელს მოხდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ერთადერთი არ იქნება, რომელიც მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს: ტაივანში ხმის მიცემის პროცესი კუნძულის ჩინეთთან ურთიერთობას განსაზღვრავს და მის დამოუკიდებლობაზე მოახდენს გავლენას. საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, “დემოკრატიულ-პროგრესული პარტია” გაიმარჯვებს.

2024 წელს ყველაზე მეტი საარჩევნო პროცესი ევროპისა და აფრიკის კონტინენტებზე გაიმართება. კერძოდ, ევროპის 37 და აფრიკის 18 ქვეყნის მოსახლეობა სასურველ კანდიდატს უყრის კენჭს. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის ინდექსით ორი კონტინენტის შეფასება ერთმანეთისაგან პოლარულად განსხვავდება.

შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას რეგიონს ყველაზე დაბალი - 3,3 ქულა აქვთ მინიჭებული, სუბსაჰარული აფრიკის დემოკრატია კი 4.1 ქულით შეფასდა. აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის დიდი ნაწილი - 330 მილიონი ადამიანი ალჟირიდან, განადან თუ მოზამბიკიდან - 2024 წელს საარჩევნო პროცესებში ჩაერთვება. კონტინენტზე ყველაზე საყურადღებო არჩევნები სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. აპარტეიდის დასრულების შემდეგ პირველად, სამხრეთ აფრიკის მმართველი “აფრიკის ეროვნული კონგრესი” კი 1990-იანი წლების შემდეგ პირველად დადგა უმრავლესობის დაკარგვის რისკის წინაშე, რამაც ადგილობრივ პარტიებთან კოალიციის აუცილებლობაც შექმნა, თუმცა მათი გამარჯვების შანსები მცირეა.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, დემოკრატიის ინდექსით რეგიონი 8.4 ქულითაა შეფასებული. The Economist-ის ინფორმაციით, 2024 წელს ჩანიშნული ევროპული საპარლამენტო არჩევნები მიგრაციის გამოწვევას წინა ფლანგზე წამოსწევს. EU-ის უწყებების თანახმად, მიმდინარე წელს ბლოკი თავშესაფრის მაძიებელ 1 მილიონ აპლიკანტს მიიღებს. ევროპელ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი და მათი ამომრჩევლები კი ამ რიცხვებში, კადრების გამუდმებული დეფიციტის მიუხედავად, საფრთხეს ხედავენ. 2024 წლის არჩევნებმა, რომელშიც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის 400 მილიონამდე მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა სრულად შეცვალოს ევროპაში მიგრაციის პროცესები.

2024 წელს საარჩევნო პროცესი, სავარაუდოდ, უკრაინაშიც ჩატარდება. უკრაინის მოსახლეობამ მომდევნო წელს, წესით, პრეზიდენტობის კანდიდატებს უნდა უყაროს კენჭი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საომარი მოქმედებების პარალელურად არჩევნების ჩატარება კანონითაა აკრძალული, მოქმედი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წამოყენებას არ გამორიცხავს. მოქმედი კანონის თანახმად, მანამ, ვიდრე უკრაინის ნაწილი ოკუპირებულია და მილიონობით უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირია, საარჩევნო პროცესი არ შეიძლება სამართლიანად და თავისუფლად ჩაითვალოს. წარმატებული საარჩევნო პროცესი ხაზს გაუსვამდა უკრაინის წინააღმდეგობის ჩვენებას რუსეთის მცდელობებთან, გაანადგუროს ქვეყნის დამოუკიდებლობა. მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში უკრაინის ძალისხმევა, დემოკრატიულ სახელმწიფოდ იყოს ცნობილი, შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.

2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთშიც გაიმართება - 3 დღის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემენ ხმას, გამარჯვებულის ინაუგურაცია კი ამავე წლის მაისში შედგება.

საქმე ისაა, რომ 23 წელია, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინია, რომელიც პოსტს იმაზე დიდი ხანია იკავებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რუსი მმართველი, სტალინის შემდეგ. რუსული კონსტიტუციის თანახმად, რომელიც საფრანგეთის 1958 წლის კონსტიტუციას ეფუძნება და მიზნად პოსტსაბჭოთა რუსეთში დემოკრატიული ტენდენციების შეტანას ისახავდა, პრეზიდენტს პოსტის დაკავება 2 ვადით, ჯამში 8 წლით შეეძლო. 2008 წელს კონსტიტუციის ცვლილებამ საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე გაზარდა, 2020 წლის ცვლილებამ კი პუტინს დამატებით 2 6-წლიანი ვადით მართვის უფლება მისცა. ვლადიმერ პუტინმა კი უკვე განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ექსპერტები არჩევნებში პუტინის დამარცხების ძალიან მცირე შანსს ხედავენ. მისი მთავარი მოწინააღმდეგე, ალექსეი ნავალნი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 19-წლიან სასჯელს იხდის. დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პოტენციური მოწინააღმდეგე და უკრაინის ომის ვეტერანი იგორ გირკინი, თუმცა უცნობია, რა დროით აღეკვეთა მისი თავისუფლება.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით გაიმართება და პარლამენტში ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე მოახდენს გავლენას, არამედ მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს ევროპულ მომავალზეც. ეს იმიტომ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მხოლოდ იმ დათქმით გასცა, რომ ქვეყანა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტუნარიან საარჩევნო პროცესს უზრუნველყოფს.

2024 წლის არჩევნების შედეგებს მსოფლიო 2025 წლამდე სრულყოფილად ვერ იხილავს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ წარიმართება მომდევნო წლის გეოპოლიტიკური მოვლენები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები