მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მთავრობამ ₾20 მილიარდის გადასახადები აკრიფა - შესრულდა თუ არა საგადასახადო გეგმა?

ლარები

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში მთავრობამ 20.2 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც 2024 წლის დეკემბერში კორექტირებული ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის 100% იყო. შესაბამისად გასულ წელს ბიუჯეტში იმ მოცულობის გადასახადები შევიდა, რაც განსაზღვრული იყო. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა, რამაც 7.55 მილიარდი ლარი შეადგინა.

2024 წლის საგადასახადო შესრულების მაჩვენებლები:

გადასახადი მობილიზებული თანხა ლარებში წლიური გეგმის %
დამატებული ღირებულების გადასახადი 7,558,795,800 100.2%
საშემოსავლო გადასახადი 6,627,721,700 100.4%
მოგების გადასახადი 3,117,548,500 101.5%
აქციზი 2,488,024,900 104.5%
იმპორტის გადასახადი 138,902,300 102.9%

რაც შეეხება შემოსავლების სხვა წყაროებს, ბიუჯეტში 171 მილიონი ლარის ჯარიმები შევიდა, სახელმწიფო საწარმოებისა და სებ-ის დივიდენდებმა ჯამში 353 მილიონი ლარი შეადგინა, სახელმწიფოს კუთვნილ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი 331 მილიონი ლარი იყო, უძრავი ქონების რენტადან 34 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში. პრივატიზაცია 211 მილიონი ლარი იყო, ხოლო 5G სიხშირის ლიცენზიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 64 მილიონი ლარი.

მთავრობამ გასულ წელს აიღო 1.52 მილიარდი ლარის შიდა ვალი სახელმწიფო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ხოლო საგარეო ვალებით მობილიზებულმა თანხამ 1.73 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან ეს თანხა გეგმით გათვალისწინებულზე 135 მილიონი ლარით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები