2024 წელს ხანძრის 9500 კერამ საბერძნეთში თითქმის 44,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დააზიანა, რაც ქვეყნისათვის რეკორდული მაჩვენებელია - ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყანაში ტყის ხანძრები ხშირია, მიმდინარე წლის ცხელმა, მშრალმა და ქარიანმა ამინდმა, რაც, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, ხანძრების სიხშირე და ინტენსივობა გაზარდა.
ბოლო 20 წლის საშუალოსთან შედარებით, ტყის ხანძრების რაოდენობა 2024 წელს საბერძნეთში 7.5%-ით გაიზარდა. ამასთან, მინისტრის განმარტებით, მეხანძრეთა ეფექტური მუშაობის შედეგად, დამწვარი ტერიტორიის ფართობი 14%-ით შემცირებულია.
მინისტრისვე თქმით, ხანძრის კერების ⅓ “ცეცხლის სეზონის” დაწყებამდე, ან მისი დასრულების შემდეგ გაჩნდა. როგორც კიკილიასი აღნიშნავს, მომავალ წლებში სეზონი, რომელიც ამჟამად მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიაზრებს, უფრო გახანგრძლივდება.
საბერძნეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც კლიმატის ცვლილების გავლენა უფრო მკვეთრად ჩანს. ქვეყანას, ბოლო წლებში მომხდარი წყალდიდობებისა და ხანძრების შემდეგ, ინფრასტრუქტურის აღდგენა უჭირს. ბუნებრივი კატაკლიზმების გაზრდილ რაოდენობას კი მეცნიერები გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რაც, თავის მხრივ, წიაღისეული საწვავის ინდუსტრიასთანაა დაკავშირებული.
ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი საბერძნეთში 2023 წელს გაჩნდა, რომლის ლიკვიდირების პროცესი 11 დღეს გაგრძელდა. დაიწვა ნიუ-იორკ სითის ფართობის მქონე ტერიტორია, ქვეყნის მასშტაბით კი ხანძრების გამო 174 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა.