საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 570.7 მილიონი ლიტრი რძე აწარმოვა.
მაჩვენებელი წლიურად 2.3%-ითაა შემცირებული. 2023 წელს რძის წარმოება 584.3 მლნ ლიტრი იყო.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში რძის წარმოება მაქსიმალურ ნიშნულზე, 2008 წელს იყო და 645.8 მლნ ლიტრს შეადგენდა.
რძის წარმოებამ 600 მლნ ლიტრს ბოლოს 2013 წელს გადააჭარბა, მას შემდეგ კი 528-დან 588 მლნ ლიტრამდე მერყეობს.
რძის წარმოების ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასეთია:
- 2020 წელი - 569 მლნ ლიტრი
- 2021 წელი - 587.9 მლნ ლიტრი
- 2022 წელი - 564.8 მლნ ლიტრი
- 2023 წელი - 584.3 მლნ ლიტრი
- 2024 წელი - 570.7 მლნ ლიტრი
ცნობისთვის, მერძევეობის მიმართულებით მოქმედი ბიზნესგაერთიანებები სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ერთი მხრივ „სკინტლისა და რძის სკანდალისა“ და მეორე მხრივ „სოფლის ნობათის“ იმპორტირებულ რძის პროდუქტში აფლატოქსინის აღმოჩენამ, მათი ინფორმაციით, დარგის წარმომადგენლები გამოწვევების წინაშე დააყენა და გაყიდვებზე ნეგატიურად აისახა.
„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.
ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.