მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველომ $623 მილიონის მედიკამენტები შეიძინა - TOP-10 მომწოდებელი ქვეყანა

იმპორტი

დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საქართველოს იმპორტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 2024 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მედიკამენტების შესაძენად საქართველოდან 623 მილიონ დოლარამდე გავიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 14.7%-ით აღემატება. ამგვარად უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში სამკურნალო საშუალებებმა 3.7%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ორ პოზიციას მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტები ინაწილებენ.

იმპორტირებული დაფასოებული მედიკამენტების მოცულობა 16 115 ტონამდე გაიზარდა. 2023 წელს ეს რიცხვი 13 301 ტონა იყო.

საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო. 2024 წელს დაფასოებული მედიკამენტების იმპორტში თურქეთს 27.2%-იანი წილი ეკავა. თურქეთიდან მედიკამენტების შეძენის ღირებულება წლიურად 10.9%-ით, მოცულობით კი 47.7%-ით გაიზარდა. იმპორტის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2024 წელს მთავარი საიმპორტო ქვეყნიდან, მედიკამენტების იმპორტის ზრდა შენელდა. თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე არსებობდა, თუმცა თუ მხოლოდ თურქეთიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების შესყიდვების გაორმაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ ე.წ. თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო*.

თურქეთიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში მედიკამენტების იმპორტის სტატისტიკა კი ასეთია:

2020 წელი - 45.9 მლნ დოლარი, 528 ტონა;

2021 წელი - 46.4 მლნ დოლარი, 496 ტონა;

2022 წელი - 73.2 მლნ დოლარი, 1 048 ტონა;

2023 წელი - 153 მლნ დოლარი, 3 236 ტონა.

2024 წელი - 169 მლნ დოლარი, 4 782 ტონა;

რაც შეეხება მედიკამენტების სხვა იმპორტიორ ქვეყნებს, მათი იმპორტი ყველა ძირითადი მომწოდებელი ბაზრიდან გაზრდილია. TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. თურქეთი - $169.7 მლნ, 4 782 ტონა;
  2. გერმანია - $69.7 მლნ, 812 ტონა;
  3. შვეიცარია - $51.1 მლნ, 1 548 ტონა;
  4. უნგრეთი - $49.6 მლნ, 472 ტონა;
  5. საფრანგეთი - $36.3 მლნ, 180 ტონა;
  6. ინდოეთი - $22.8 მლნ, 1 432 ტონა;
  7. სლოვენია - $20.2 მლნ, 234 ტონა;
  8. იტალია - $14.9 მლნ, 287 ტონა;
  9. ნიდერლანდები - $14.8 მლნ, 128 ტონა;
  10. ლიეტუვა - $14.7 მლნ, 226 ტონა;

გარდა მთავარი იმპორტიორი ბაზრებისა, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საქართველოში ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან, კორეიდან, ლატვიიდან, არგენტინიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ბელარუსიდან, ავსტრიიდან, რუმინეთიდან, ბელგიიდან, სინგაპურიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ჩეხეთიდან, კვიპროსიდან და ა.შ.

რაც შეეხება დაუფასოებელ სამკურნალო საშუალებებს, მათი წილი მედიკამენტების იმპორტში მცირეა. ამასთან, 2024 წელს ამ დასახელების საქონლის შესყიდვა წლიურად 3.1%-ით, 13.5 მლნ დოლარამდე შემცირდა და ჯამში ქვეყანაში 280 ტონა დაუფასოებელი წამლები შემოვიდა. ამ შემთხვევაში საიმპორტო ქვეყნების გეოგრაფია მკვეთრად განსხვავებულია და პირველ ადგილს ინდოეთი იკავებს. იმპორტის კლებაც ინდოეთიდან შესყიდვების შემცირებით არის განპირობებული.

დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი:

  1. ინდოეთი - $2.4 მლნ, 86 ტონა;
  2. აშშ - $1.8 მლნ, 20 ტონა;
  3. საბერძნეთი - $1.4 მლნ, 63 ტონა;
  4. ლატვია - $1.3 მლნ, 2 ტონა;
  5. იტალია - $1.3 მლნ, 8 ტონა

* 2022 წლის მარტიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვება მოხდა. ანუ ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. ამ გადაწყვეტილებას მთავრობაში „თურქეთის ბაზრის გახსნას“ უწოდებენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ თურქეთი წლების განმავლობაში საქართველოსთვის მედიკამენტების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი იყო.

აღსანიშნია, რომ მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში 2022 წლამდე თურქეთი არ შედიოდა თურქეთი, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თურქეთი ფალსიფიცირების მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა, რის გამოც ჩამონათვალში ვერ ხვდებოდა. გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მთავრობის მეთაური [ირაკლი ღარიბაშვილი] ირწმუნებოდა, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვიდოდა და მოქალაქეებს ხარჯი შეუმცირდებოდათ.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კი საქართველოს მთავრობამ, 2023 წლის პირველი იანვრიდან წამლებზე რეფერენტულ ფასები დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები