მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა - საიდან შემოდის დაფასოებული და დაუფასოებელი წამლები?

იმპორტი

ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაბიზნესში მოქმედ რიგ კომპანიებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მედიკამენტებზე იმპორტში არსებულ მდგომარეობაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტშიც ისაუბრა და განაცხადა, რომ როგორც კი მთავრობა დამტკიცდება, უწყება მაღალრისკიანი ქვეყნებიდან დაუფასოებელი, საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანას და აქ დაფასოებას შეზღუდავს.

ახალი რეგულაციების შემოღებამდე BM.GE დაინტერესდა - რა მოცულობის მედიკამენტები შემოვიდა ქვეყანაში და რომელი ქვეყნები არიან საქართველოსთვის მთავარი მომწოდებლები?

საქსტატის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს 15.4 მლრდ-იან იმპორტში დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, იგივე მედიკამენტები, ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო საქონელი იყო. აღნიშნულ პროდუქტს იმპორტირებული საქონლის რეიტინგში 3.5%-იანი წილით მესამე ადგილი უკავია.

გასულ წელს საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 542 მილიონ 822 ათასი დოლარის ღირებულების დაფასოებული მედიკამენტები შეიძინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს 34.3%-ით აღემატება. მოცულობით კი ჯამში გასულ წელს 13 298 ტონა მედიკამენტები შემოვიდა, რაც 730 ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.

საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო. 2023 წელს დაფასოებული მედიკამენტების იმპორტში თურქეთს 28.1%-იანი წილი ეკავა. თურქეთიდან მედიკამენტების შეძენის ღირებულება წლიურად 108.6%-ით, მოცულობით კი 208.6%-ით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე არსებობდა, თუმცა თუ მხოლოდ თურქეთიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების შესყიდვების გაორმაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ ე.წ. თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო*.

თურქეთიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში მედიკამენტების იმპორტის სტატისტიკა კი ასეთია:

2019 წელი - 83.7 მლნ დოლარი, 1 285 ტონა;

2020 წელი - 45.9 მლნ დოლარი, 528 ტონა;

2021 წელი - 46.4 მლნ დოლარი, 496 ტონა;

2022 წელი - 73.2 მლნ დოლარი, 1 048 ტონა;

2023 წელი - 153 მლნ დოლარი, 3 236 ტონა.

რაც შეეხება მედიკამენტების სხვა იმპორტიორ ქვეყნებს, მათი TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - $153 მლნ, 3 236 ტონა;

2. გერმანია - $56.9 მლნ, 728 ტონა;

3. შვეიცარია - $55.5 მლნ, 648 ტონა;

4. უნგრეთი - $43 მლნ, 464 ტონა;

5. საფრანგეთი - $32.9 მლნ, 157 ტონა;

6. ინდოეთი - $17.8 მლნ, 975 ტონა;

7. სლოვენია - $17 მლნ, 214 ტონა;

8. რუსეთი - $15.9 მლნ, 646 ტონა;

9. ლიეტუვა - $13.3 მლნ, 245 ტონა;

10. იტალია - $13.2 მლნ, 261 ტონა;

გარდა მთავარი იმპორტიორი ბაზრებისა, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საქართველოში ნიდერლანდებიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, არგენტინიდან, კორეის რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის.

რაც შეეხება დაუფასოებელ მედიკამენტებს, რაზეც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტში საუბრობდა, ქვეყანაში ამ საქონლის იმპორტი, დაფასოებულთან შედარებით მცირეა. 2023 წელს ამ დასახელების საქონლის შესყიდვა წლიურად 9.9%-ით, 14 მლნ დოლარამდე გაიზარდა და ჯამში ქვეყანაში 551 ტონა დაუფასოებელი წამლები შემოვიდა. ამ შემთხვევაში საიმპორტო ქვეყნების გეოგრაფია მკვეთრად განსხვავებულია და პირველ ადგილს ინდოეთი იკავებს.

დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი:

  1. ინდოეთი - $3.2 მლნ, 117 ტონა;
  2. უკრაინა - $1.7 მლნ, 43 ტონა;
  3. ჩინეთი - $1.5 მლნ, 286 ტონა;
  4. იტალია - $1.4 მლნ, 2 ტონა;
  5. საბერძნეთი - $1.3 მლნ, 60 ტონა.

* 2022 წლის მარტიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვება მოხდა. ანუ ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. ამ გადაწყვეტილებას მთავრობაში „თურქეთის ბაზრის გახსნას“ უწოდებენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ თურქეთი წლების განმავლობაში საქართველოსთვის მედიკამენტების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი იყო.

აღსანიშნია, რომ მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში 2022 წლამდე თურქეთი არ შედიოდა თურქეთი, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თურქეთი ფალსიფიცირების მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა, რის გამოც ჩამონათვალში ვერ ხვდებოდა. გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მთავრობის მეთაური ირწმუნებოდა, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვიდოდა და მოქალაქეებს ხარჯი შეუმცირდებოდათ.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კი საქართველოს მთავრობამ, 2023 წლის პირველი იანვრიდან წამლებზე რეფერენტულ ფასები დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები