საქართველოს უმსხვილეს იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს შორის, მსუბუქი ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების შემდეგ, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები მედიკამენტები რიგით მესამე პროდუქტია, რომლის შესაძენად ქვეყნიდან ყველაზე მეტი თანხა გავიდა.
2023 წელს საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 542 მილიონ 822 ათასი დოლარის ღირებულების დაფასოებული მედიკამენტები შეიძინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს 34.3%-ით აღემატება. მოცულობით კი ჯამში გასულ წელს 13 298 ტონა მედიკამენტები შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 730 ტონით მეტია.
საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო. 2023 წელს დაფასოებული მედიკამენტების იმპორტში თურქეთს 28.1%-იანი წილი ეკავა. თურქეთიდან მედიკამენტების შეძენის ღირებულება წლიურად 108.6%-ით, მოცულობა კი 208.6%-ით გაიზარდა. გარდა თურქეთისა უმსხვილესი ათ საიმპორტო ქვეყანას შორის ვხვდებით გერმანიას, შვეიცარიას, უნგრეთს, საფრანგეთს, ინდოეთს, სლოვენიას, რუსეთს, ლიეტუვას და იტალიას.
BM.GE-ი დაინტერესდა ვის შემოჰქონდა 2023 წელს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი და საქსტატიდან TOP-10 იმპორტიორი კომპანია გამოითხოვა. დაფასოებული წამლების უმსხვილესი იმპორტიორები არიან:
სს გეფა;
შპს აბულფარმ;
შპს ავერსი-ფარმა;
შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია;
შპს გლობალფარმი;
შპს ინფარმ;
შპს მერმისი;
შპს პსპ ფარმა;
შპს სობუს;
შპს შოთაფარმ.
შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.