დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საქართველოს იმპორტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანამ 680 მილიონ 344 ათას დოლარის ღირებულების 15 744 ტონა მედიკამენტები შეიძინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს ღირებულებაში 9.5%-ით აღემატება, მოცულობაში კი 2.4%-ით ნაკლებია. 2025 წელს საქართველოს მედიკამენტების იმპორტი გაუძვირდა. გასულ წელს იმპორტირებული 1 კგ დაფასოებული წამლების საშუალო ღირებულება 43.2 დოლარი, 2024 წელს კი 38.5 დოლარი იყო.
მოცულობაში იმპორტის კლება ძირითადად შვეიცარიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან და ინდოეთიდან შესყიდვების შემცირებამ განაპირობა. იმპორტის გაძვირებაც ამან განაპირობა.
ამგვარად, უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში სამკურნალო საშუალებებმა 3.7%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ორ პოზიციას მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტები ინაწილებენ.
საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო. 2025 წელს დაფასოებული მედიკამენტების იმპორტში თურქეთს 25.2%-იანი წილი ეკავა. თურქეთიდან მედიკამენტების შეძენის ღირებულება წლიურად 1%-ით, მოცულობით კი 16.3%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი მომწოდებელი ბაზრიდან იმპორტის გაიაფდა. 2025 წელს 1 კგ დაფასოებული სამკურნალო საშუალებების საიმპორტო ფასი 30.8 დოლარი, 2024 წელს კი 35.5 დოლარი იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთიდან იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე არსებობდა, თუმცა მხოლოდ თურქეთიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების შესყიდვების გაორმაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ ე.წ. თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო*.
თურქეთიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში მედიკამენტების იმპორტის სტატისტიკა კი ასეთია:
- 2020 წელი - 45.9 მლნ დოლარი, 528 ტონა;
- 2021 წელი - 46.4 მლნ დოლარი, 496 ტონა;
- 2022 წელი - 73.2 მლნ დოლარი, 1 048 ტონა;
- 2023 წელი - 153 მლნ დოლარი, 3 236 ტონა.
- 2024 წელი - 170 მლნ დოლარი, 4 784 ტონა;
- 2025 წელი - 171 მლნ დოლარი, 5 565 ტონა;
რაც შეეხება მედიკამენტების სხვა იმპორტიორ ქვეყნებს, TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
- თურქეთი - $171.9 მლნ, 5 656 ტონა;
- გერმანია - $81.9 მლნ, 675 ტონა;
- უნგრეთი - $59.5 მლნ, 429 ტონა;
- შვეიცარია - $52 მლნ, 94 ტონა;
- საფრანგეთი - $37.1 მლნ, 159 ტონა;
- ინდოეთი - $26.9 მლნ, 865 ტონა;
- ეგვიპტე - $21.7 მლნ, 456 ტონა;
- ლიეტუვა - $19 მლნ, 293 ტონა;
- სლოვენია - $18.8 მლნ, 189 ტონა;
- ნიდერლანდები - $17.1 მლნ, 128 ტონა.
გარდა მთავარი იმპორტიორი ბაზრებისა, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საქართველოში იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, კორეის რესპუბლიკიდან, რუსეთიდან, საბერძნეთი, ლატვიიდან და აშშ-დან
რაც შეეხება დაუფასოებელ სამკურნალო საშუალებებს, მათი წილი მედიკამენტების იმპორტში მცირეა. ამასთან, 2025 წელს ამ დასახელების საქონლის შესყიდვა წლიურად 8.7%-ით, 12.3 მლნ დოლარამდე შემცირდა და ჯამში ქვეყანაში 201 ტონა დაუფასოებელი წამლები შემოვიდა. ამ შემთხვევაში საიმპორტო ქვეყნების გეოგრაფია მკვეთრად განსხვავებულია და პირველ ადგილს გასულ წელს აშშ, ლატვია და ესპანეთი ინაწილებენ. აღსანიშნია, რომ 2024 წელს დაუფასოებელი მედიკამენტების მთავარი საიმპორტო ქვეყანა ინდოეთი იყო, თუმცა გასულ წელს ეს აზიური ქვეყანა რეიტინგში ჩამოქვეითდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი:
- აშშ - $3.1 მლნ, 36 ტონა;
- ლატვია - $2.4 მლნ, 4 ტონა;
- ესპანეთი - $2.2 მლნ, 1.5 ტონა;
- ინდოეთი - $1.2 მლნ, 49 ტონა;
- ჩინეთი - $1.1 მლნ, 63 ტონა.
2022 წლის მარტიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვება მოხდა. ანუ ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. ამ გადაწყვეტილებას მთავრობაში „თურქეთის ბაზრის გახსნას“ უწოდებენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ თურქეთი წლების განმავლობაში საქართველოსთვის მედიკამენტების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო. სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ამ სიაში 2022 წლამდე თურქეთი არ შედიოდა თურქეთი, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თურქეთი ფალსიფიცირების მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა, რის გამოც ჩამონათვალში ვერ ხვდებოდა. გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მთავრობის მეთაური [ირაკლი ღარიბაშვილი] ირწმუნებოდა, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვიდოდა და მოქალაქეებს ხარჯი შეუმცირდებოდათ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კი საქართველოს მთავრობამ, 2023 წლის პირველი იანვრიდან წამლებზე რეფერენტულ ფასები დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელია.




























