მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს “საქართველოს რკინიგზა” სამ კომპანიად გაიყოფა

შტადლერი

2024 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია სამ ნაწილად გაიყოფა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ცვლილება საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების ნაწილია და ის მიზნად სარკინიგზო სექტორის ლიბერალიზაციას და ამ მხრივ კონკურენციის ზრდას ისახავს.

საქმე ის არის, რომ დღეს “საქართველოს რკინიგზა” ფლობს როგორც ლიანდაგებს, ასევე სადგურებს და მატარებლებს და მომხმარებლებს ერთიანი კომპანიის სახით სთავაზობს გადაზიდვებს. ცვლილების შემდეგ კი შეიქმნება სამი კომპანია. მათგან 1) იქნება ლიანდაგების და უძრავი ინფრასტრუქტურის მფლობელი; 2) იქნება სატვირთო გადაზიდვების ოპერატორი და სატვირთო მატარებლების მფლობელი; 3) სამგზავრო გადაყვანების ოპერატორი კომპანია.

“რკინიგზის გაყოფა არის ვალდებულება. აქ უნდა შეიქმნას 3 სხვადასხვა კომპანია, ესენია სამგზავრო, სატვირთო და თავად ინფრასტრუქტურის, ანუ ლიანდაგების მფლობელი კომპანია. შიგნით კომპანიაში სამივე მიმართულება გაყოფილია, თუმცა მომდევნო წელს მოგვიწევს რომ იურიდიულადაც გაიყოს.

ის რომ სატვირთო გადაზიდვებიდან უნდა სუბსიდირდებოდეს სამგზავრო გადაყვანა ეს არის აკრძალული ევროკავშირის მხრიდან და არის ამაზე პირდაპირი მითითება,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა ისიც, რომ სახელმწიფო გეგმავს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირება მოახდინოს თავად რკინიგზის მიერ გამომუშავებული დივიდენდის მეშვეობით. კაკაურიძის თქმით, გასულ წელს კომპანიის მოგება 400 მილიონ ლარამდე იყო, საიდანაც ბიუჯეტში შესული თანხა უკან დაუბრუნდება კომპანიას სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებისთვის. ამასთანავე, კაკაურიძე ამბობს რომ კომპანიაში მიმდინარე კორპორატიზაციის რეფორმის პირობებში დამოუკიდებელმა ბორდმა უნდა გადაწყვიტოს თუ რა მოცულობით მოხდება თანამშრომელთა ოპტიმიზაცია, ვინაიდან კომპანიის საშტატო ოდენობა ამჟამად ოპტიმიზაციას საჭიროებს და ის 12 ათას ადამიანს ასაქმებს.

“ჯერჯერობით სუბსიდიისთვის 50 მილიონი ლარი გათვალისწინებული არ გვაქვს და ეს ბიუჯეტში არ დევს. ჩვენ ამ სუბსიდირებას განვახორციელებთ კომპანიიდან ამოღებული დივიდენდიდან. გასულ წელს რკინიგზას რკინიგზას ჰქონდა საკმაოდ დიდი 400 მილიონის მოგება, იმას არ ვიტყვი რომ ამ ფულს მთლიანად წამოვიღებთ ბიუჯეტში, ვინაიდან რკინიგზას საკმაოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება მოუწევს, რადგანაც ის შემადგენლობები რაც ჰყავს რესურსის ამოწურვის პირასაა და აუცილებელია ამ მხრივ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განახლება. შესაბამისად, რაც სუბსიდირებას სჭირდება მინიმუმ იმ მოცულობის დივიდენდს ან უფრო მეტს წამოვიღებთ ბიუჯეტში. საბოლოო ჯამში პირდაპირი სუბსიდირება არ იქნება, თუმცა ბიუჯეტში წამოვა სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული ამონაგები და ბიუჯეტიდან დასუბსიდირდება სამგზავრო გადაზიდვები.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საკმაოდ რთულია კომპანიიდან ერთ წელში 3-5 ათასი ადამიანი გაუშვა, თუმცა მეც ვფიქრობ რომ ოპტიმიზაცია საჭიროა. ბოლო 2-3 წელიწადში შემცირება საშტატო ოდენობაში იყო.

რეფორმის მიმართულება რკინიგზაში დაწყებულია და ის გატარდება.

დამოუკიდებელმა ბორდმა უნდა გადაწყვიტოს რამდენი უნდა იყოს თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდნეობა,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები