მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ბიუჯეტიდან დასუბსიდირდება - კაკაურიძე

რკინიგზა სამგზავრო

„საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო კომპანიის 50%-იანი წილი მართვაში უკვე გადაეცა ფინანსთა სამინისტროს, 50% -ს კი კვლავ  ეკონომიკის სამინისტრო მართავს.

ევროდირექტივების შესრულების ფარგლებში, “საქართველოს რკინიგზა” სამ კომპანიად უნდა გაიყოს: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სამგზავრო და სატვირთო ოპერატორები.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე bm.ge-სთან განმარტავს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კორპორატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ასევე სოციალური მიმართულებით გასაწევი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდას. ამ მიმართულებით აღსანიშნია სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანები, რომლის დასასუბსიდირებლად კომპანია საშუალოდ წლიურად 50 მილიონ ლარს ხარჯავს. როგორც გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ამ მიმართულებით მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხების გათვალისწინება მოუწევს.

„რკინიგზის კორპორატიზაციის პროცესი, პრინციპში, დაიწყო. უკვე დაწყებულია ე.წ  კომპანიების გაყოფაც, მათ შორის სატვირთო ცალკე უნდა იყოს, სარკინიგზო ცალკე. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცალ-ცალკე დამოუკიდებელი კომპანიები იქნებიან.

პირველ ეტაპზე ფინანსურად გაიყოფა ეს კომპანიები. მათ შორის კორპორატიზაციის ერთ-ერთი მიმართულებაა ის, რომ ჩვენ სუბსიდირებას გავუკეთებთ იმ ნაწილში, სადაც სოციალურ ხარჯებს გასწევენ ეს კომპანიები, მათ შორისაა სამგზავრო გადაყვანები. თუ ეს გადაყვანები არის მნიშვნელოვანი სოციალური მიმართულებით მსგავსი ხარჯები ბიუჯეტმა უნდა გასწიოს და არა კომპანიამ.

უკვე 2024 წელს, ჩვენ ბიუჯეტში გარკვეული თანხები გვექნება გასათვალისწინებელი ამ მიმართულებით, თუმცა წლის ბოლომდე თანხა დაზუსტდება, რა იქნება ეს საჭიროება“,-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

აღსანიშნია, რომ საქართველოს რკინიგზა მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღებას წლების განმავლობაში სთხოვდა, რადგანაც მისთვის სამგზავრო გადაყვანები წაგებიანი სეგმენტი იყო, რის სუბსიდირებასაც საკუთარი ბიუჯეტიდან ახდენდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს  საქართველოს რკინიგზამ  მგზავრების გადაყვანის სუბსიდირებისთვის 38.6 მლნ ლარი მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები