2024 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის - რკინიგზის სამ ნაწილად დაყოფა იგეგმებოდა. მთავრობის განმარტებით ცვლილება სარკინიგზო სექტორის ლიბერალიზაციას და ამ მხრივ კონკურენციის ზრდას ისახავს. პარლამენტში გამართულ მოსმენაზე კომპანიის გაყოფა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დააანონსა.
თუმცა, როგორც ირკვევა კომპანიის დაყოფა იურიდიულ ბარიერს აწყდება. საქმე ისაა, რომ 2021 წელს “საქართველოს რკინიგზამ” ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლის პირობებს შორის ერთ-ერთი პუნქტი კომპანიის აქტივების გადაცემის შეზღუდვაა. ამ ობლიგაციების ვადიანობა 7 წელს, ხოლო მოცულობა 500 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, კომპანიის გაყოფის პირობებში ვალდებულებით ნაკისრი პირობები დაირღვევა.
BMG-სთან საუბარში ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა განმარტა, რომ მთავრობა სწავლობს კონკრეტულ მოდელებს, რომლითაც რკინიგზის სტრუქტურის რეფორმა შეიძლება განხორციელდეს.
“იცით, რომ რკინიგზას გამოშვებული აქვს ევრობონდები, რომლის კოვენანტებიც მას უზღუდავს აქტივების სხვა პირებზე გადაცემას, შესაბამისად ამ ეტაპზე ვიდრე ეს საკითხი არის შემზღუდველი რკინიგზის ორგანიზაციულად დაყოფა ვერ განხორციელდება, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა სამომავლოდ თუ როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს. რომ მენეჯერული აღრიცხვის ნაწილში განვიხილავთ თუ როგორი მოდელი იქნება უფრო ოპტიმალური რკინიგზის გრძელვადიანი განვითარებისთვის,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა.
რატომ დადგა დღის წესრიგში “საქართველოს რკინიგზის” დაყოფის საჭიროება:
დღეს “საქართველოს რკინიგზა” ფლობს როგორც ლიანდაგებს, ასევე სადგურებს და მატარებლებს და მომხმარებლებს ერთიანი კომპანიის სახით სთავაზობს გადაზიდვებს. ცვლილების შემდეგ კი შეიქმნება სამი კომპანია. მათგან 1) იქნება ლიანდაგების და უძრავი ინფრასტრუქტურის მფლობელი; 2) იქნება სატვირთო გადაზიდვების ოპერატორი და სატვირთო მატარებლების მფლობელი; 3) სამგზავრო გადაყვანების ოპერატორი კომპანია.
“რკინიგზის გაყოფა არის ვალდებულება. აქ უნდა შეიქმნას 3 სხვადასხვა კომპანია, ესენია სამგზავრო, სატვირთო და თავად ინფრასტრუქტურის, ანუ ლიანდაგების მფლობელი კომპანია. შიგნით კომპანიაში სამივე მიმართულება გაყოფილია, თუმცა მომდევნო წელს მოგვიწევს რომ იურიდიულადაც გაიყოს.
ის რომ სატვირთო გადაზიდვებიდან უნდა სუბსიდირდებოდეს სამგზავრო გადაყვანა ეს არის აკრძალული ევროკავშირის მხრიდან და არის ამაზე პირდაპირი მითითება,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე.