მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს სავაჭრო ცენტრ "გალერიას" შემოსავალი ₾40 მილიონამდე გაიზარდა

გალერია

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ქვეშ მყოფმა, თბილისის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა "გალერია თბილისმა" გამოაქვეყნა 2024 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიამ გასულ წელს 39.96 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის 38.25 მილიონთან შედარებით 1.7 მილიონი ლარით მეტია.

კომპანიის წმინდა მოგებამ 2024 წელს 6.58 მილიონი ლარი შეადგინა - ეს 1 მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (5.57 მილიონი ლარი).

დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრის მთლიანი აქტივები 2024 წლის ბოლოს 178.9 მილიონ ლარს შეადგენდა — ეს დაახლოებით 8.4 მილიონი ლარით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით, როცა ჯგუფის აქტივები 187.3 მილიონს აღწევდა. ამავე პერიოდში კომპანიის ვალდებულებები გაიზარდა 148.9 მილიონიდან 160.9 მილიონ ლარამდე.

კომპანიის საოპერაციო მოგებამ 2024 წელს 19.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2023 წლის 21.6 მილიონ ლარს. ძირითადი ხარჯების ნაწილში ყველაზე დიდი წილი მოდიოდა ცვეთასა და ამორტიზაციაზე (6.1 მლნ ლარი) და ფინანსურ ხარჯებზე (12.9 მლნ ლარი), რაც 2023 წელთან შედარებით შემცირებულია.

„გალერია თბილისი“ კვლავ ინარჩუნებს მაღალი დატვირთვის მაჩვენებელს და მისი 25,000 კვადრატული მეტრის კომერციული უძრავი ქონება პრაქტიკულად სრულად გაქირავებულია. ამასთან, ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრთან არსებული სასტუმრო "რადიუსის" საოფისე სივრცედ გადაკეთების და მისი გაქირავების თაობაზე.

კომპანია მთლიანად ეკუთვნის „გალერია ჰოლდინგს“, რომლის მფლობელიც არის GCF Luxemburg, ხოლო საბოლოო ბენეფიციარი — ეკატერინე ხვედელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები