2024 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 86 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ მატების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანო უფრო ნაკლებ დაფინანსებას აიღებს ვიდრე სახელმწიფო ტელევიზია, რომლის ბიუჯეტიც 101 მილიონი ლარით განისაზღვრება.
სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხი გახდა პარლამენტში ცხარე დებატების საკითხი. საქმე ისაა, რომ დღემდე საზმაუს ბიუჯეტი საქართველოს მშპ-სთან იყო მიბმული და ის ყოველწლიურად წინა წლის მშპ-ის 0.14%-ის ოდენობით განისაზღვრებოდა. თუმცა, მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც დაფინანსების წესს შეცვლის და მას მშპ-ს ჩამოაშორებს.
პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის დაფინანსება მის ხარჯებთან უნდა იყოს დაკავშირებული და არა ქვეყნის მშპ-ს ზომასთან. ამას აპროტესტებენ თავად ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებმაც 19 ნოემბერს შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საზმაუს დაფინანსების სწორი მოდელის შერჩევაზე ისინი მსჯელობას გააგრძელებენ, შესაბამისად ტელეკომპანიის დაფინანსების ცვლილების კანონპროექტის განხილვა არსებული ფორმით არ გაგრძელდება.
"ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე წელიწადში 50-პროცენტით გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, შემდეგ სამ-ოთხ წელიწადში ისევ 50-პროცენტიანი ზრდა იქნება, თუ ასე იქნება მიბმული მთლიან შიდა პროდუქტზე. რამდენადაც ვიცი სხვა ქვეყნების გამოცდილება, არსად არ არის ასეთი მიბმა მთლიან შიდა პროდუქტზე. არის სხვადასხვა სისტემა, ამაზე გვქონდა საუბარი. აბსოლუტურად მესმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიმე ცვლადის აღება იქნებოდა უფრო რაციონალური. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმსჯელებთ, რა მოვიფიქროთ ამ მხრივ, არის გარკვეული მოსაზრებები. დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო მოდელზე შევჯერდებით. ჩვენი მოწადინება არის ერთი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რაციონალურად გადანაწილდეს, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ფინანსური, ისე სხვა მხრივ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს, ამისთვის აუცილებლად მოვძებნით საუკეთესო გადაწყვეტას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.
საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომელთან შედარებითაც საზმაუს 101-მილიონიანი დაფინანსება უფრო მაღალია:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 86,636,000 ლარი;
- პროკურატურა - 63,200,000 ლარი;
- მთავრობის ადმინისტრაცია - 27,000,000 ლარი;
- საპატრიარქო - 25,000,000 ლარი;
- დაზვერვის სამსახური - 21,000,000 ლარი;
- სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - 19,000,000 ლარი;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახური - 18,000,000 ლარი;
- უზენაესი სასამართლო - 17,400,000 ლარი;
- სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - 15,000,000 ლარი;
- სახალხო დამცველის აპარატი - 11,500,000 ლარი;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 10,560,000 ლარი;
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9,600,000 ლარი;
- სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო - 8,500,000 ლარი;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - 8,000,000 ლარი;
- საკონსტიტუციო სასამართლო - 6,200,000 ლარი.