მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოცირიძის კანონპროექტი ჩააგდეს, თუმცა საზმაუს დაფინანსების წესის შეცვლას ახლა "ოცნება“ ითხოვს

ვასილ მაღლაფერიძე

პარლამენტი “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებზე მსჯელობს, რომლის თანახმადაც, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსების ზრდა ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროპორციულად აღარ მოხდება. კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული. პროექტს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატიც აწერს ხელს.

საქმე ის არის, რომ პარლამენტს საზმაუს დაფინანსების საკითხი ერთხელ უკვე განხილული აქვს, თუმცა მანამდე "მაუწყებლის შესახებ კანონში" ცვლილებების ინიციატორი ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე იყო. საპარლამენტო უმრავლესობამ განხილვების შედეგად, კანონპროექტი ჩააგდო. თუმცა როგორც ჩანს, მმართველი გუნდი გოცირიძის იდეას ეთანხმებოდა.

დღეისთვის, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში გათვალისწინებული დაფინანსების წესით, ტელეკომპანია “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის ოდენობით ფინანსდება. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დაფინანსების ეს წესი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება და შესაცვლელია.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მექანიზმით - „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის“ ოდენობით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ხდება თითქმის 15 წელია. აღსანიშნავია, რომ ამ წესით დაფინანსება არის დროებითი და არ წარმოადგენს ძირითად ნორმას. გასათვალისწინებელია, რომ არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.

ასე მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის ოდენობით. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით”, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი პარლამენტს დაფინანსების ახალ წელს სთავაზობს: მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაუწყებელი დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად.

“სახელმწიფო ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით”, - ვკითხულობთ კანონპროექტში.

შესაბამისად, კანონის მიღების შემდეგ, მაუწყებლის დაფინანსება ქვეყნის მაკროპარამეტრებთან არ იქნება დაკავშირებული, თუმცა მისი ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ თუ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსების წესი უცვლელად დარჩება, 2024-2027 წლებში კომპანიის დაფინანსება 139,8 მილიონამდე გაიზრდება.

კანონპროექტით ახალი კანონის ამოქმედება 2024 წლის 1 იანვრიდანაა გათვალისწინებული, გარდა მე-2 მუხლისა, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებების ასახვას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანაავტორები და ინიციატორები პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, დილარ ხაბულიანი და ბექა ლილუაშვილი არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსების წესის შესაცვლელად, “მაუწყებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებას ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე წლების განმავლობაში, 2017 წლიდან ითხოვდა, თუმცა მისი ხელმოწერა კანონპროექტის ავტორებსა და ინიციატორებს შორის არ ფიქსირდება.

რომან გოცირიძე საზმაუს დაფინანსების მოდელში ცვლილებების ინიციატივით გამოდის - რას გულისხმობს კანონპროექტი?

„ეს, ფაქტობრივად, საზმაუს დახურვას ნიშნავს“ - ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები