საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოში „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტი დააინიცირა.
საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებას, რომლის შესახებაც კანონპროექტის ავტორმა 13 სექტემბერს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშის მოსმენისას ისაუბრა. ანგარიში საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა.
დეპუტატმა ინიცირებულ კანონპროექტს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „კომპრომისული“ უწოდა. რომან გოცირიძის მოსაზრებით, საბიუჯეტო ორგანიზაციის ბიუჯეტი წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით კი არ უნდა იყოს განსაზღვრული, არამედ დასაგეგმი წლის ბიუჯეტი წინა წლისთვის განსაზღვრული დაფინანსებით უნდა განისაზღვროს, რომლის შემცირება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წინასწარი თანხმობით მოხდება. ხოლო ბიუჯეტის ზრდა მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი,თუ ეს მაუწყებელს დაგეგმილი პროექტების განხორციელებისთვის დასჭირდება.
„შემოვიტანე კარგი კანონპროექტი, კომპრომისული, ასე ვთქვათ სათქვენო კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში ამ დღეებში განვიხილავთ. ამ კანონპროექტის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები, ასეთი გამონაკლისი რამდენიმე უწყებას აქვს [პარლამენტს, აუდიტის სამსახურსა, ცესკო-ს]. ძალიან დიდი გარანტია გექნებათ, რომ ან პოლიტიკური განწყობის ცვლილებისა ან სხვა ფაქტორების გამო ბიუჯეტი არ შეგიმცირდებათ. გარანტიების ფარგლებში შემოვიტანე კანონპროექტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე და ვასილ მაღლაფერიძეს კითხვით მიმართა: - როგორ ფიქრობთ, რამდენად დაიფარება ყველა ხარჯი, რასაც თქვენ ეწევით ასეთი ბიუჯეტის პირობებში?“
რას გულისხმობს „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი?
რომან გოცირიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეხუთე პუნქტი შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:
„ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. მაუწყებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება არის არანაკლებ დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული დაფინანსებისა, რომლის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წინასწარი თანხმობით.
ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არაეფექტიანი და დროებითი გამონაკლისის სახით დაწესებული ნორმის ცვლილება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც მაუწყებლობის დაფინანსება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობაზეა დამოკიდებული.
„მოქმედი კანონით იგი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის შემუშავების პერიოდში არსებული მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. საერთაშორისო პრაქტიკაში არ გვხვდება არცერთი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება დამოკიდებული ყოფილიყო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე. აღნიშნული ნორმა უპრეცედენტოა საქართველოს საბიუჯეტო ცხოვრებაშიც, ვინაიდან ანალოგიური გამონაკლისი არ ვრცელდება არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამასთან კანონპროექტის ავტორს თავდაცვის ბიუჯეტის მაგალითი მოჰყავს: „მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში, რომ მსგავსი მექანიზმით მომხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირება, რაც წარმოადგენდა NATO-ს მოთხოვნას, არ იქნა იგი გათვალისწინებული, ვინაიდან მიჩნეულ იქნა საბიუჯეტო სახსრების განაწილების არასწორ და არასამართლიან მექანიზმად. ამასთანავე, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს კანონის დროებით ნორმას, რომელიც უკვე წლებია მოქმედებს და საჭიროა მისი გადახედვა“.
რაც შეეხება კანონის მიღების აუცილებლობას, ავტორი განმარტავს, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის პროგნოზირებადობისა და ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობიდან, ასევე იმ დროებითი ნორმის ცვლილებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც
საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზეა მიბმული. „ნათელია, რომ ამათ შორის არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
წარმოდგენილი კანონის მიღების შემთხვევაში კი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსება დამოკიდებული იქნება არა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ ზრდაზე, არამედ განსახორციელებელი პროექტების საერთო ღირებულებაზე და ამავდროულად მომდევნო წლის ბიუჯეტი იქნება არანაკლებ წინა წლის ბიუჯეტის ოდენობისა.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ცვლილების სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენაცაა მიმოხილული და ნათქვამია, რომ ცვლილების მიღების შემთხვევაში მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი 60 მლნ ლარს დაზოგავს.
„2009 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 26,5 მილიონი ლარის ოდენობით. 2009 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, მომდევნო წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა უნდა ყოფილიყო წინა წლის მშპ-ს არანაკლებ 0,12%-ისა, 2010 წელს აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია მისი ბიუჯეტის ზრდა 38,3 მილიონ ლარამდე. 2014 წლამდე ეს ნორმატივი იყო მშპ-ს 0,12%, ხოლო 2014 წლიდან იგი გახდა მშპ-ს 0,14%.
2014-2023 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება ყოველწლიურად დაახლოებით 6.3 მილიონი ლარით იზრდებოდა. საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის თანახმად, 2023 წელს მაუწყებლობის დაფინანსება წინა წელთან შედარებით გაიზარდა 18.8 მილიონი ლარით და შეადგენს 101.2 მილიონ ლარს.
მოცემული კანონის მიღების შემთხვევაში შეიცვლება მოქმედი დროებითი ნორმა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება შეადგენს წინა წლის მშპ-ს 0.14%-ს. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შემდეგ წლებში განისაზღვროს 2023 წლის ოდენობით და თუ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება იმ ოდენობით, რაც პროგნოზირებულია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალი სამი წლის განმავლობაში დაზოგავს დაახლოებით 60 მილიონ ლარს. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება მაუწყებლის დაფინანსების ზრდაც წინა წელთან შედარებით (მაგალითად 2026 წელს 2025 წელთან შედარებით) თუ ამისი აუცილებლობა იქნება მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი პროექტების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აღარ გაიზრდება, ამან შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან პროექტების დაფინანსების შემცირება გამოიწვიოს, რაც მაუწყებელში დასაქმებულ პირებზე უარყოფითად აისახება. თუმცა პირდაპირი კავშირი კანონპროექტის ამოქმედებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული პირების რაოდენობას შორის არ არსებობს. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება