მსოფლიო ბანკი თურქეთთან დაკავშირებით განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს, ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის რეალური მაჩვენებელი 4.2% იქნება, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის ზრდის ტემპი შენელდება და მშპ-ის მოცულობა მხოლოდ 3.1%-ით მოიმატებს.
პროგნოზის გაუარესების მიზეზი 65%-იანი ინფლაცია და 42.5%-მდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთია, რაც ბიზნესებს ოპერირებას მნიშვნელოვნად უზღუდავს.
მსოფლიო ბანკის პარალელურად, განახლებულ მონაცემებს ასაჯაროებს თავად თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 9%-მდე გაიზარდა, რა თითქმის 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 30 ლირას აღწევს, რაც ახალი ანტირეკორდია.