მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს უნაკერო მილების წარმოება გავასამმაგეთ, 1-2 წელში წარმადობა 60 000 ტონამდე გაიზრდება - „რუსთავის ფოლადი“

რუსთავის ფოლადი

მეტალურგიის დარგის ერთ-ერთი უმსხვილეს კომპანია “რუსთავის ფოლადში” აცხადებენ, რომ გასულ წელს საწარმოში უნაკერო მილების წარმოება გასამმაგდა.

როგორც BMG-სთან კომპანიის გენერალური დირექტორი ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, 2023 წელს რუსთავის ფოლადი წელიწადში 10,000 ტონა უნაკერო მილებს აწარმოებდა. 2024 წელს კი წარმადობა 30,000 -მდე გაიზარდა.

იგორ კორიტკოს თქმით, კომპანიაში უახლოესი წლების სტრატეგიად ამ მაჩვენებლების გაორმაგებას ისახავენ მიზნად.

ამასთან, “რუსთავის ფოლადში” აცხადებენ, რომ კომპანიაში ახალი მენეჯმენტის მისვლის შემდეგ საწარმოს ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესდა.

“რუსთავის ფოლადში” ამბობენ, რომ ადგილობრივი მეტალურგიული ბაზრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნედლეულის სიმცირეა. შესაბამისად, სურთ რომ არსებული საწარმოო პოტენციალი სრულად უნაკერო მილების წარმოებაზე მიმართონ.

აღსანიშნავია, რომ მეტალურგიული ქარხნის მიერ წარმოებული უნაკერო მილები სრულად ექსპორტზე გადის, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში.

“2023 წელს რუსთავის ფოლადი წელიწადში 10,000 ტონა უნაკერო მილებს აწარმოებდა. 2024 წელს კი წარმადობა 30,000-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მილების წარმოება გასამმაგდა. ეს პერიოდი რთული, მაგრამ საინტერესო იყო. კვლავ ვაგრძელებთ სვლას მილების წარმოებისა და გაყიდვების გაზრდისკენ. ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო ერთ-ორ წელიწადში კვლავ გავაორმაგოთ ეს მოცულობა, რაც 60,000 ტონას ნიშნავს წელიწადში. სამ-ოთხ წელიწადში კი უკვე მიზანი 120,000 ტონაა წლიურად. ეს ბაზარი გლობალურად უფრო სტაბილურია და ჩვენი პროდუქციისთვის სულ იქნება ადგილი

რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, 2024 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 290 მილიონი ლარი იყო, რაც 20%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. მთავარი წარმატება კი EBITDA-ს მაჩვენებლის შემობრუნება იყო, 2023 წელს ის მინუსში იყო, 2024-ში კი – პლუსში. ეს მაინც არ არის საკმარისი ჩვენთვის და გვჯერა, რომ ამ კომპანიას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა წარმოების გაზრდისა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების თვალსაზრისით”, - განაცხადა იგორ კორიტკომ.

ცნობისთვის, საქართველოს უმსხვილეს მეტალურგიულ ქარხანას - “რუსთავის ფოლადს” ახალი მენეჯმენტი გასული წლის დეკემბრიდან ჰყავს. მას იგორ კორიტკო ხელმძღვანელობს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ნუგზარ კაჩუხაშვილი ჩაანაცვლა. კორიტკოსთან ერთად ქარხნის მენეჯმენტს შეუერთდა ანდრეი პარხომჩუკი, რომელიც დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები