Galt & Taggar-ის საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს უცხოელი სტუდენტების დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წელს განათლებაზე გაწეული დანახარჯები 452 მლნ ლარი იქნება, სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები კი რაც განათლების დანახარჯების გარდა საკმაოდ დიდია 371 მლნ ლარი იქნება.
ქვეყნის ეკონომიკის სექტორების განახლებულ მიმოხილვაში განათლების ნაწილში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა და წილი განათლების სექტორში სწრაფად გაიზარდა. 2023/2024 სასწავლო წლისთვის ქვეყანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 31 000 უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა, აქედან 8 ათასი კერძო უნივერსიტეტებში, 23 ათასი კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს.
2023/24 სასწავლო წლის დასაწყისისთვის უცხოელი სტუდენტები მთლიანი ჩარიცხვების 17.3%-ს შეადგენდნენ. სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% ისრაელიდან.
„უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (85%) ამჟამად ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობს. რამდენიმე საბაკალავრო პროგრამის 3-წლიან სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, სავარაუდოა, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის დამატებითი ზრდა“, - მიიჩნევენ Galt & Taggart-ში.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელი სტუდენტების წილის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში 2023 წლისთვის საქართველო 17.3%-ით მეხუთე ადგილს იკავებს. რეიტინგი კი ასეთია:
- ავსტრია - 26%;
- დიდი ბრიტანეთი - 20.1%;
- შვეიცარია - 18.1%;
- ახალი ზელანდია - 17.5%;
- საქართველო - 17.3%;
- ჩეხეთი - 15%;
- გერმანია - 11.2%;
- სლოვენია - 7.8%;
- ლიეტუვა - 6.2%;
- სომხეთი - 5.9%