ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში “ქართული ოცნება” მომდევნო 4-წლიან პერსპექტივაში საუნივერსიტეტო სისტემის თვისობრივად გარდაქმნას აანონსებს. მიმდინარე კვირაში, ორშაბათის მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეფორმის მთავარი მიზანი მაღალი, ევროპული განათლების უზრუნველყოფაა.
“ოცნების” პრემიერ მინისტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამიტომ სისტემის გარდაქმნისთვის სამთავრობო კომისიას ქმნის, რომელსაც სათავეში განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე და ლევან იზორია ჩაუდგებიან. თავად ლევან იზორია კი სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო. ამჟამად ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია განათლების საკითხებში.
განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია BMG-ის გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში იმ სისტემურ ცვლილებებზე საუბრობს, რამაც რეალურად საუნივერსიტეტო დონეზე განათლების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოფს. მისი თქმით, პირველ რიგში ეს მაღალი კვალიფიკაციის პროფესორების მოზიდვა და შენარჩუნებაა, რომელთაც აკადემიური თავისუფლება ექნებათ. ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები და მობილობის შესაძლებლობა.
“სხვადასხვა ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ საუკეთესო ხალხი იქნეს მოზიდული უნივერსიტეტებში. პროფესორები იყვნენ მაღალი კომპეტენციის, მათ არამხოლოდ ცოდნა ჰქონდეთ, არამედ მაღალი მოტივაცია იმისთვის, რომ უნივერსიტეტებში იმუშაონ. ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს “ქართული ოცნება”, რადგან ვხედავთ, რომ მაღალი კომპეტენციის ადამიანები ტოვებენ უნივერსიტეტებს, რადგან უნივერსიტეტი ცდილობს გარიყოს ეს ხალხი პოლიტიკური ნიშნით.
ვნახეთ, რომ გაზაფხულის აქციების შემდეგ უბრალოდ კონტრაქტები აღარ გაუგრძელეს, ვინც აქტიურად მონაწილეობდა აქციებში. იმისთვის, რომ ასეთი ხალხი ვიპოვოთ, არამხოლოდ ავტონომია და აკადემიური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი, ფინანსური რესურსებიც უნდა არსებობდეს. ბევრი პროფესორი მუშაობს რამდენიმე უნივერსიტეტში ერთდროულად, 3-4 უნივერსიტეტში ასწავლის, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული უნივერსიტეტის განვითარებისთვის ბევრს არაფერს აკეთებს. მნიშვნელოვანია არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანი კონცენტრირებული იყოს ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის ფარგლებში, კვლევაზე, ამ უნივერსიტეტის განვითარებაზე, სტუდენტებთან ინტერაქციაზე და თავის კოლეგებთან ურთიერთობაზე.
ამას გარდა, ცხადია, უნდა განვითარდეს ერთობლივი პროგრამები, რადგან საქართველოში ცოტა ინტელექტუალური რესურსია. მაგალითად, აშშ-ს უნივერსიტეტებს აქვთ ერთმანეთის პროგრამების გაცვლის სისტემები. ერთ სტუდენტს შეუძლია მეორე უნივერსიტეტის კურსები აიღოს.
ჩვენთან ერთ ქუჩაზეა 3 უნივერსიტეტი და სტუდენტს არ შეუძლია მეორე ქუჩის უნივერსიტეტში კურსი აიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ის კურსი უფრო შეიძლება სჭირდებოდეს, ვიდრე ის, რომელსაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს. ეს მოქნილობა უნდა გაჩნდეს, უნდა გაჩნდე საერთაშორისო მობილობები. სინამდვილეში კი სახელმწიფო მიდის იზოლაციისკენ და ეს შესაძლებლობებიც მცირდება.
" ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ან ისეთი დარჩეს როგორიც არის ან შემცირდეს, ამიტომ ძალიან საეჭვოა როცა გვეუბნებიან, რომ ხარისხის გამო რაღაც ძალიან არაპოპულარული რეფორმა უნდა განხორციელდეს”,-აცხადებს სიმონ ჯანაშია.