განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და რესურსების არარაციონალურ გადანაწილებაზე BMGDrive-ის ეთერში განათლების საკითხების მკვლევარმა, სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.
მისი თქმით, ფინანსური რესურსები საქართველოში ცოტაა და მასაც ხშირად ისეთ პროგრამებში იყენებენ, რომლებზეც ეფექტი არ ექნება.
“დაახლოებით 10 წელია, მასწავლებლების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა მიმდინარეობს. არსებობს სქემა, საფეხურებითაა გაწერილი და მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, გარკვეული პირობების შესრულებით, გაიზარდოს სტატუსი და შემოსავალი. ამ პროგრამის დაპირება იყო, რომ ის მასწავლებლების პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ზრდას შეუწყობდა ხელს.
დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია ამ პროგრამაში გადახდილი და ვერ ვიტყვით, რომ მას რამე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. ამ დროს ნახევარ მილიარდ ლარად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რასაც ეფექტი ექნება”, - აცხადებს სიმონ ჯანაშია.
განათლების საკითხების მკვლევარი აღნიშნავს, რომ რესურსების არარაციონალური განაწილების განმაპირობებელი, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ინტერესებია.
“მასწავლებლის განვითარების სქემა პოლიტიკურად ბევრ ადამიანს აწყობს, რათა, ერთი მხრივ, მასწავლებლებს ხელფასების ზრდას დაჰპირდნენ და, მეორე მხრივ, მათვე გადააბარონ პასუხისმგებლობა, ხელფასი იმიტომ არ გეზრდება, რომ საკმარისად არ მოინდომეო.
მასწავლებლებსაც აწყობთ ეს სქემა, რადგან შემოსავლის ზრდის რეალური საშუალება აქვთ, თუნდაც მის პირობებს არ ეთანხმებოდნენ. საუბარია ათი ათასობით ადამიანზე, ვისაც ეს სისტემა აწყობს და მათ ინტერესებში ფინანსების უფრო ეფექტურ სისტემებზე მიმართვა, შესაძლოა, სულ არ ჯდებოდეს”, - ამბობს სიმონ ჯანაშია.