მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჭანტურია: ნიშანდობლივია, როდის იზრდება მასწავლებელთა ხელფასები - არჩევნები მოდის

განათლება

არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების კოალიციის“ დირექტორის გიორგი ჭანტურიას შეფასებით, მასწავლებელთა საბაზო ხელფასი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივია, როდის ხდება ეს. „არჩევნების წელი მოდის“ - თქვა გიორგი ჭანტურიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

საქმე ის არის, რომ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 470 მლნ ლარზე მეტით იზრდება და 2,3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 1,5 მილიარდ ლარზე მეტია განსაზღვრული - ზრდა 2023 წელთან შედარებით 186 მლნ ლარია და გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. „ამ ეტაპზე სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენამდე განათლების სამინისტრო დეტალურად გააცნობს მასწავლებლებს და საზოგადოებას აღნიშნული რეფორმის შედეგებს“, - წერია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი ჭანტურია მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმის დეტალებს არ იცნობს. ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრიტიკებს იმის გამო, რომ რეფორმების ჯგუფში, ძირითადად, ისევ სამინისტროების წარმომადგენლები შედიან და ნაკლებად - არასამთავრობო სექტორიდან თუ უნივერსიტეტებიდან განათლების მკვლევრები.

"გიორგი ამილახვარი მინისტრი როცა გახდა, რამდენიმე თვეში რეფორმების ტალღა დააანონსა და შეიქმნა რეფორმების ჯგუფი, რომელიც ძირითადად, სამინისტროების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული; არ იყო უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ უნივერსიტეტების წარმომადგენლების ჩართულობა. ამიტომ რეფორმებზე ჩვენც ჭორის დონეზე მოგვდიოდა ხმები. შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა, სამინისტროში ერთ-ერთ შეხვედრას დავსწრებოდით, სადაც ანაზღაურების ზრდაზე ითქვა მოკლედ, დეტალების გარეშე... ყველა საკითხი დახურულია; მეორე მხრივ, მინისტრი ამბობს, რომ ძალიან გახსნილია, ხვდება მასწავლებელთა გარკვეულ ჯგუფს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ შეხვედრებს შინაარსი არ აქვს - ესაა შეხვედრა შეხვედრისთვის. ასეულობით მასწავლებელს შეხვდება, შემდეგ ამბობენ, რომ მათ აზრს ისმენენ, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ შეხვედრებით, უბრალოდ, მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაცია ხდება“, - თქვა გიორგი ჭანტურიამ.

მართალია, მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმას, რომელზე განათლების სამინისტრო მუშაობს, „განათლების კოალიციის“ დირექტორი დეტალურად არ იცნობს, მაგრამ ხელფასების გაზრდის აუცილებლობას ეთანხმება, თუმცა რეფორმის წარმატებისთვის საჭირო რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელთა შრომა უნდა უფრო დაფასდეს და საბაზო ანაზღაურება არის გასაზრდელი. მათ შორის იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები და როტაცია იყოს უფრო მეტი. სხვა შემთხვევაში, ეს პროფესია ვერ იქნება პრესტიჟული. ამიტომ, ის, რომ ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, ცალსახააა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რეფორმის გაგრძელება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის - როგორი იქნება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა; ჩვენ სისტემაში მასწავლებელთა, დაახლოებით, 70% დაკავებულია კერძო რეპეტიტორობით - ეს ყველაფერი სკოლაში უნდა ხდებოდეს; ასევე, დამატებითი სერვისის მიწოდება - ე.წ. მაშინ რეფორმა გაამართლებს“, - თქვა გიორგი ჭანტურიამ და იქვე დასძინა, რომ „განათლების კოალიციამ“ თავისი რეკომენდაციები სამინისტროს უკვე გაუგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები