დღეს გამართულ “ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის” პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, საგნობრივი სტანდარტების გადამუშავების პროცესზე ისაუბრა და სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე მიმართულება გამოყო.
“მოგეხსენებათ, რომ საგნობრივი სტანდარტების განახლებას რამდენიმე წლიანი ციკლი აქვს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ყველა საგნის სტანდარტის გადახედვა, ექსპერტების ჯგუფის დაკომპლექტება და ეს პროცესი ბევრ საკითხს შეეხება, როგორებიცაა: ლიდერობა, მეწარმეობა, STEM მიმართულება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი, ეროვნული ღირებულებები და პატრიოტიზმი და, ბუნებრივია, რელიგიის ისტორიების სწავლება”, - ამბობს გიორგი ამილახვარი.
მინისტრის თქმით, ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებას სამინისტრო 2024 წლის გაზაფხულზე დაასრულებს და ამის შემდეგ სასკოლო სახელმძღვანელოებსაც შეცვლის.
“2024 წლიდან დავიწყებთ სახელმძღვანელოების მორგებას ახალ სტანდარტებზე. რაც საკმაოდ დიდი და კომპლექსური პროცესია და 2-3 წელი მაინც დასჭირდება. თუმცა ამის შემდეგ ჩვენ 12-ვე კლასში სრულად განახლებულ, ახალ სტანდარტებთან შესაბამის სახელმძღვანელოებს მივიღებთ”, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.